მაჩალიკაშვილების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
გასულ წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და ამ საქმეში ყველა პოლიტიკურ ძალას დახმარებას სთხოვს.
„მოვითხოვ, საპარლამენტო კომისია შეიქმნას და იქ იქნას გამოძიებული ეს საქმე. ასევე, მოვითხოვ, ყველა პარტია ჩაერიოს ამ საქმეში და დამეხმაროს გამოძიებაში“, – განაცხადა დღეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ (EMC) გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი და პანკისში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებას მის შვილთან მიმართებით „შეცდომა ეღიარებინა“. „მე ველოდებოდი 26 დეკემბრამდე იქნებ რამე გამოხმაურება ყოფილიყო, იქნებ რაღაცნაირად ბოდიშით მაინც მოემართათ ჩემთვის, მაგრამ ამაოდ“, – განაცხადა მან.
საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი EMC-ის წარმომადგენლმა თამთა მიქელაძემაც გააკეთა. მისი შეფასებით, გამოძების საწყის ეტაპზევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „არსებითი შეცდომები“ დაუშვა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სწორედ მათ ამოიღეს და ჩნდება ეჭვი, რომ ამ მტკიცებულებების ნაწილი „საერთოდ განადგურდა“.
მიქელაძის განმარტებით, აღნიშნულის და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე „ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ“, „ვითხოვთ პოლიტიკური ელემენტის შემოტანას“. მიქელაძის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ისინი პარლამენტში შემავალ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას ითხოვენ.
თამთა მიქელაძე დროებითი საპარლამენტო კომისიის მიმართაც გარკვეულ „სკეპტიციზმს“ გამოხატავს და აცხადებს, რომ „საბოლოო სწორება სწორედ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ“ აქვთ, რომლისთვისაც განაცხადი მზადდება.
თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთი იყო საქართველოს იმ ხუთ მოქალაქეს შორის, რომელთა დასაკავებლადაც 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა.
სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. ამას სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა, რა დროსაც მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები არ იზიარებენ და აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.
პროკურატურამ, მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტის აქციებს მართავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)