სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
პროცესის დასრულების შემდეგ, ლევან შონიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან მისმა ადვოკატმა იზა კალატოზიშვილმა ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, ყოფილი გუბერნატორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა“, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის დასახმარებლად გადაირიცხა.
„მიზნობრიობა, რაში დაიხარჯა ეს თანხა, ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან“, – განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ „აუცილებლად მოხდება ამის დეკლარირება“.
მედიასთან საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ „დღეის მდგომარეობით, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით“, არ დასტურდება, რომ ლევან შონიამ თანხა „რაიმე ქმედების შესასრულებლად“ მიიღო. „მის ქმედებაში იკვეთება უკანონო საჩუქრის აღება“, – განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ „თუკი გამოძიების მიმდინარეობისას, სხვა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, მოხდება შესაბამისი კვალიფიკაციის დაზუსტება“.
დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე უკვე დაკავებულები არიან ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა. საქმის პროკურორის განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯამში სულ 5 პირია მიცემული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)