პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ათონელის სასახლიდან მიულოცა.
ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის სრული ტექსტი:
„ძვირფასო თანამემამულეებო,
მიხარია და მეამაყება, რომ თქვენ წინაშე ვდგავარ ამ ულამაზესი, ორბელიანების სასახლის წინ და აქედან გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას!
2018 წელი სრულიად განსაკუთრებული წელი იყო ჩემთვის, – ეს იყო, ერთდროულად, მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი.
ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ!
ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას.
გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის და ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის! საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს.
ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა.
მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვებები წარმატების და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს. ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილი.
2018 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს: ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება!
2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომავალი თაობაც, რომელიც ვიმედოვნებ, „დედა ენაზე“ გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას.
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგანაც მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს.
დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას! ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა მხარესა და სოფელში, ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს!
ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ!
ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში.
ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს!
ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს!
დაე, 2019 წელი ყოფილიყოს შერიგების წელი!
ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის,
ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)