გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ახლადარჩეული პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ფრაქციაქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, კომიტეტიდან გაიწვიეს. შედეგად მას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და შესაბამისად, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილებაც ჩამოერთვა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ფრაქციამ 3 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ ოცნებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. თუმცა, პარტიის წევრების განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ეკა ბესელია დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა, გუნდმა მისი საკითხის განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მათივე მხრიდან, ბესელიას მისამართით გუნდურობის პრინციპის დარღვევის ბრალდებებიც გაჟღერდა.

გედევან ფოფხაძემ ფრაქციის სხდომა დასრულებამდე დატოვა და განმარტა, რომ თანაგუნდელების მიერ მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომიტეტში ის ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა.

ფრაქციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული“, – განაცხადა დეპუტატმა.

გედევან ფოფხაძემ კომენტარი გუნდურობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განმარტა: „საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, არ არის სწორი, პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“.

ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ფრაქცია ქართული ოცნების სხვა წევრებმაც ისაუბრეს. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოწვევის ორი მთავარი მიზეზი დაასახელა. პირველი, მისი არჩევის დროს გამოვლენილი პროცედურული დარღვევები, მეორე კი, მისი კანდიდატურის გუნდთან შეუთანხმებლობა იყო.

მედიასთან კომენტარი ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და განმარტა, რომ გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყოპოლიტიკური გადაწყვეტილება“, რომელიც გუნდმაპრაქტიკულად ერთხმად მიიღო“. მდინარაძემ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად საკითხის გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისივე განმარტებით, საკითხთან მიმართებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ფრაქციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იყო. 

მამუკა მდინარაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორისაა კომიტეტის ერთერთი წევრი ანრი ოხანაშვილიც. „რაც შეეხება გედევან ფოფხაძის ადგილს, ვისაც შეარჩევს გუნდი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მან უნდა დაასახელოს მისი პირველი მოადგილე, ამიტომ უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევას ეკა ბესელიაც გამოეხმაურა და ფრაქციის გადაწყვეტილებას „სადამსჯელო“ უწოდა. „ეს არის უფრო სადამსჯელო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ გედი ფოფხაძეს ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა და აქვს, რაც მაქვს მე სასამართლოსთან დაკავშირებულ სიებზე, პროცედურაზე და, რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო გადაწყვეტილება ფრაქციის მხრიდან. ამას სხვა ახსნა არ აქვს“, – განაცხადა მან.

დღესვე, პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა და ფრაქცია ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორი ახალი წევრი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე და დეპუტატი გოგა გულორდავა დაემატა. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ერთ-ერთი მოადგილე დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

მოვლენების ქრონოლოგია

გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 31 დეკემბერს აირჩიეს. ფოფხაძემ პოსტზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2016 წლის ნოემბრიდან ეკავა.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილის ხელახლა შერჩევის საკითხი დღის წესრიგში შეტანის მიზეზი მმართველ პარტიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შედეგად გამოწვეული უთანხმოება გახდა. აღნიშნულის გამო, თანამდებობები კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა დატოვეს. ამ უკანასკნელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ლობირებაში ადანაშაულებდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის ახალი პირველი მოადგილის შერჩევის პროცესი კრიტიკულად შეაფასეს მმართველ გუნდში. თანაპარტიელები, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბესელიას არაგუნდურობასა და რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათი განმარტებით, პროცედურის მიხედვით, ეკა ბესელიას პოსტზე სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ ჰქონდა (ბესელიამ მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის გარდა კიდევ ორი დეპუტატი – ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი წარადგინა).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს წარმოადგინა. მოსამართლეობის კანდიდატების სიას თავად უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის – ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია მმართველ გუნდშიც დაიწუნეს. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სიის გაწვევაზეც ალაპარაკდა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო სესიაზე განხილვა გაზაფხულამდე გადადო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)