GDI-მ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
GDI „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებთან მიმართებით ითხოვს.
„GDI-ს მიაჩნია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა კი, არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს“, – ნათქვამია ორგანიზაციის სარჩელში.
რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო და 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. კანონის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე 60 (მამაკაცი) და 55 (ქალი) წელი შეუსრულდათ.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია 40 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის. თუმცა, კანონის მიხედვით, ისინი დაგროვებით საპენსიო სისტემაში ავტომატურად ერთვებიან და სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოს წერილობით უნდა მიმართონ ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში (დაახლოებით აპრილის თვიდან), მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხა ყოველთვიურად შემდეგი პრინციპით ჩაირიცხება – იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 000 ლარია, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო დასაქმებულის ხელფასის 2 -2 %-ს გადაიხდიან. თუკი დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 000-60 000 ლარის ფარგელბში მერყეობს, საპენსიო ფონდში სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი თანხა დასაქმებულის ხელფასის 1 % იქნება. წლიური 60 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი, სახელმწიფო საპენსიო ფონდში თავის წილ საპენსიო შენატანს აღარ განახორციელებს.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, კანონის მიხედვით, ისინი საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით განახორციელებენ. დაგროვებული თანხა პენსიაში გასვლის შემდეგ, საბაზისო პენსიას დაემატება, რომელიც დღეის მდგომარეობით 200 ლარს შეადგენს. საპენსიო ანგარიშზე ასახული საპენსიო აქტივების განკარგვის უფლება სისტემაში ჩართულ პირს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლია.
კანონის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემისთვის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო შეიქმნა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზეა პასუხისმგებელი.
1 იანვრიდან საპენსიო სააგენტოში სპეციალური ვებგვერდიც ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს საკუთარი პენსიის კალკულაცია შეუძლიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)