რაჭის ზოგ სოფელში არჩევნები რომ გაიმართა, რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიგეს
„საქართველო“, N4, იანვრის 5, 1919 წ.
საერობო არჩევნები ქვემო რაჭაში
საერობო არჩევნებმა უწესრიგოდ ჩაიარა. საარჩევნო კომისიები, თითქმის არსად არ იყო კანონიერად შედგენილი, მაგ. საბჭოებს, პარტიებს არ ჰყოლიათ, თავთავიანთი წარმომადგენლები, არსად არ გაუმართავთ წინასწარი კრებები, რომ ხალხისთვის აეხსნათ ერობა და მისი მნიშვნელობა. ზოგან ხალხს არც კი გაუგია მაგალ. ზნაკვის საზოგადოებაში, როგორც გადმომცეს, ორ პატარა სოფელს არ გაუგია არჩევნების დღე და შემდეგ კითხულობდნენ „როდის არის არჩევნებიო“. ამას გარდა მოწერილი იყო თურმე რომ მაინც და მაინც იმ დღესვე გაეთავებინათ არჩევნები. რაც ყოვლად შეუძლებელი იყო. ასეთი დაჩქარებით და ჩუმად მოწყობით. მობოლშევიკ ჯარისკაცები უშლიდნენ ხმის მიცემას. ხმები, არც ერთს მაზრაში არ უნდა იყოს მიცემული ისე ცოტა როგორც აქ. ერთ საზოგადოებაში სადაც ორი ათასამდე ხმა ითვლება, მხოლოდ 23 ხმა მიეღოთ.
არჩევნების მწარმოებებს ეთქვათ ეს ხმები როგორ გავაგზავნოთ, სირცხვილიაო. და ასამდე ხმა დაემატებინათ თავის ნებით. ბევრგან სხვაგანაც ასე მოხდებოდა. ამის მიზეზები იმაშია „თუ მართალი ხართ მობრძანდით ყველა პარტია აგვიხსენით თქვენ თქვენი პროგრამები და მოგცემთ ხმებს თუ არა თქვენ თქვენთვის და ჩვენ ჩვენთვისო.
რაც შეეხება ჩვენ მიმართულებას, მან ხალხში კიდევაც მოიკიდა ფეხი. შესმენილი ნაწილი ხალხისა ამას ემხრობა, მცირეოდენის გამოკლებით. მაგრამ როგორც ეტყობა ამ პარტიის სამაზრო კომიტეტი, ფხიზლად ვერ მოქმედობს, ამ წლის დამდეგს, გუბერნიის კომიტეტს ამ პარტიისას. ს. მცხოვრებნი ი. კიკვაძე და გ. მურუსიძე დაჰპირებიან ქვემო რაჭისთვის კომიტეტის დაარსებას. მაგრამ არა გაუკეთებიათ რა. მაზრის კომიტეტს კი ქვემო რაჭისათვის ჰყოლია წარმომადგენლად ვინმე ბოჭორიშვილი (მასწ. მას მისთვის კი თავის ჭკუით შეუდგენია სია, არავის არ დაჰკითხებია რომ საერთო ძალით ემოქმედნათ. სხვათა შორის შეუტანია სიაში ზემოდ დასახელებული მომტყუებლები კიკვაძე და მურუსიძე. თითქოს სხვა არავინ იშოვებოდა. და გაუგზავნია გვიან რის გამოც ბიულეტენებმა არჩევნებს ვერ მოუსწრებს. პარტიამ ქვემო რაჭაში რამოდენიმე ათასი ხმა დაჰკარგა. ეს ბოჭორიშვილი ამ ჟამად მის საზოგადოებაში კომიტეტის წევრად არის. და კომიტეტის თავმჯდომარეობას ასრულებს. მაგრამ არჩევნები გარეშეებს უწარმოებიათ. არ შეუდგენიათ კომისია. როდესაც ერთი სოფელი ი. გოგოშიძის მეთაურობით მოსულა და მოუთხოვია ერ. დ. ბიულეტენები.
„მეთვალყურე“