საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში სოხუმის და ცხინვალის ლიდერების ვიზიტს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერების – ანატოლი ბიბილოვისა და რაულ ხაჯიმბას კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე დასწრება დაგმო.
10 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ ვიზიტი „ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით“.
„აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ახალი მანდატის ლეგიტიმურობას“. „ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა“, – განაცხადა სამინისტრომ.
ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა მადუროს ინაუგურაციაზე დასასწრებად, ვენესუელას 10 იანვარს ესტუმრნენ. ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კარაკასში ხაჯიმბა და ბიბილოვი ნიკარაგუის პრეზიდენტს დანეილ ორტეგასაც შეხვდნენ. ცხინვალის ლიდერი სალვადორის პრეზიდენტს სალვადორ სანჩეს სერენსაც შეხვდა. ხაჯიმბას და ბიბილოვს შეხვედრა მადუროსთანაც აქვთ დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)