საქართველოში „ღორის გრიპის გავრცელების“ მოტივით, სოხუმი და ცხინვალი გამშვებ პუნქტებს კეტავს

ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების 11 იანვარის გადაწყვეტილებით, საქართველოში „ღორის გრიპის გავრცელების“ მოტივით, დანარჩენ საქართველოსთან რეგიონის დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი დაიხურება.

„რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, მიღებულია გადაწყვეტილება 11 იანვრის 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების მუშაობის დროებით შეჩერების თაობაზე“, – განაცხადეს რეგიონის უშიშროების სამსახურში.

გამშვებ პუნქტებზე ორთვიანი შეზღუდვა დააწესა აფხაზეთის ხელისუფლებამაც. რეგიონის „უშიშროების სამსახურის“ განაცხადებით, ეს გადაწყვეტილება „საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულმა არასახარბიელო ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ განაპირობა“.

ახალი წესებით, რეგიონის მცხოვრებლებს უფლება ექნებათ, რომ აფხაზეთში თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ, თუმცა უკვე აფხაზეთში მყოფებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

საქართველოში გრიპის სეზონზე ღორის გრიპით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 100 000 ადამიანზე გრიპით დაავადების 260 შემთხვევა ფიქსირდება. უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ეს მონაცემი ეპიდემიის დონეზე ბევრად დაბალია.

გადაწყვეტილება გალისა და ახალგორის რაიონების ეთნიკურად ქართველ მაცხოვრებლებზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან მათ დანარჩენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

  • გალში დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ისინი რაიონის თითქმის მთლიან მოსახლეობას შეადგენენ.
  • ახალგორში დაახლოებით 2 500 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 55.5 %-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)