პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებზე მუშაობას იწყებს
საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად, ახალი პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავებისთვის მუშაობას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროცედურებზე და კრიტერიუმებზე მსჯელობა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიწყება, რომელიც „უკვე დიდი ხანია შექმნილია“ და მასში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულები.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება და ახალი კრიტერიუმები მოსამართლეობის იმ კანდიდატებსაც შეეხებათ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილები არიან.
„როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, არის ტექნიკური მხარე, მთავარი არის პოლიტიკური ნება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ახალი, ასევე ის კანდიდატები, რომლებიც იქნენ წარმოდგენილნი, ორივე დაექვემდებარება იმ პროცედურებს, რომლებიც იქნება გაწერილი ჩვენ მიერ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და განმარტა, რომ „ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ განახლებისთვის, შეიძლება იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატების [უკვე წარდგენილის], შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები, ან ნებისმიერი სხვა რამ“.
„მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები, ამის საფუძველზე უნდა იყოს წარმოდგენილი განახლებული სია“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მედიასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „თითოეული კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი, მზად არის, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი“.
„ჩემი პოზიცია არის, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატის მიერ გასაცემი პასუხები და მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, რომ მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ და თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს რაიმე შეკითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი ეს შეკითხვები და პრეტენზიები“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი კანდიდატები მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში დაასახელა. „ეს კანდიდატები აკმაყოფილებენ დღეს მოქმედ ყველა კრიტერიუმს, რომელიც გაწერილი არის ორგანული კანონით საერთო სასამართლოების შესახებ“, – მან მარტა მან. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა ახალი კანდიდატების წარდგენის რესურსიც აქვს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართმელობის კანდიდატების შესარჩევად საჭირო პროცედურებზე მუშაობის დაწყებას სოციალურ ქსელით პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდმოდგენილი „10 კაციანი სია არ გავა“.
„მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გუნდში არსებული უთანხმოების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობებიც დატოვეს. პარლამენტმა წარმოდგენილი სიის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუნდში არსებულ უთანხმობას, 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)