საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დაასრულეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტრომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დაასრულეს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ინდოეთის კომერციის დამატებითმა მდივანმა ბიდიუტ ბეჰარი სვეინმა შესაბამის დოკუმენტს ხელი 11 იანვარს მოაწერეს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიზანშეწონილობის კვლევამ დაადგინა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკაზე, გაზრდის სავაჭრო ბრუნვას და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შექმნის.
„აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას, მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით, დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა 2017 წლის აპრილში დაიწყეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)