საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ, 16 იანვარს ფარული კენჭისყრით, ორი წლის ვადით, პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს.

საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი 12-მა დაუჭირა. ამ თანამდებობაზე ნანა ხუნჯუასთან ერთად, ადვოკატ ირმა ჭკადუას კანდიდატურაც იყო წარდგენილი, თუმცა მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და დამტკიცების პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა, რომელიც ამ დრომდე საპროკურორო საბჭოს თავად ხელმძღვანელობდა.

საპროკურორო საბჭო აქამდე იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა, თუმცა ის უწყებას გამოეყო და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. საქართველოს პროკურატურის ორგანოებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც მიულოცა.

საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად 2015 წელს შეიქმნა და ის 15 წევრისაგან შედგება. აქედან 8 წევრს საბჭოში პროკურორთა კონფერენცია ირჩევს, 2 ადგილს საპროკურორო საბჭოში პარლამენტის დეპუტატები იკავებენ, 2 ადგილს კი, საერთო სასამართლოების მოსამართლეები.

დარჩენილ 2 ადგილს 15-წევრიან საპროკურორო საბჭოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ის კანდიდატები იკავებენ, რომლებით პარლამენტმა 76 ხმით აირჩია. საპროკურორო საბჭოში მეთხუთმეტე წევრის ადგილს საბჭოს თავმჯდომარე იკავებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)