პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელში ტუსკს და იუნკერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21-23 იანვარს ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირში.
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან
„საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავისი განვითარების ერთ ცენტრალურ პერსპექტივად განსაზღვრა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 22 იანვარს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპულ ინსტიტუტებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის „უწყვეტი მხარდაჭერისთვის“. „ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია… რაც ახლა საქართველოს კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი“.
„საქართველოს ევროპული გზა ნამდვილად არის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას, გააძლიერებს რეგიონში დემოკრატიის განვითარებას და კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ურთიერთობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობას „გამორჩეული და პერსპექტიული“ უწოდა. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმებამ „მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენ მოქალაქეებს და აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგრადობა“.
„დღეს მე ასევე მივესალმე საქართველოს ერთგულებას რეფორმების განხორციელების მიმართ. მე და პრეზიდენტი შევთანხმდით კანონის უზენაესობაში და სასამართლო სისტემაში პროგრესის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და მიესალმა საქართველოს მიერ მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის „უწყვეტი და ძლიერი მხარდაჭერის“ გამო.
თავის სიტყვაში, ტუსკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის „ურყევი მხარდსაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევის მიმართ“.
იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს განათლების და ჯანდაცვის სფეროებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიმართ. „მზად ვართ შემდგომი დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა იმ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაზეც კონფლიქტმა გავლენა მოახდინა, ასევე ხელი შევუწყოთ დიალოგს“, – აღნიშნა ტუსკმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დონალდ ტუსკი ივლისში საქართველოს ეწვევა და ბათუმის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს ეძღვნება.
შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიესალმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტის ბრიუსელში გამართვის სიმბოლურ მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, უფრო ახლო ასოცირებისამდი ერთგულების ნიშანია. „მივესალმებით საქართველოს ამ ჩართულობას და მიგვაჩნია, რომ ის სწრაფი ნაბიჯებით და დაჩქარებული ტემპით მიიწევს წინ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა იუნკერმა. მან საქართველოს მთავრობის წევრებთან ევროკომისიის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც პირველი ამ ტიპის შეხვედრა იყო, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან გაიმართა.
იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს მეგობრული დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან და ამ კუთხით, ვაჭრობის ზრდა და საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის ფართო გამოყენება აღნიშნა. მან Erasmus+ პროგრამის გაფართოების გეგმაზეც ისაუბრა. ამჟამად, პროგრამით საქართველოდან 3 000 და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან კი 2 000 სტუდენტი სარგებლობს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს და „კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება“.
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას, იუნკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არის „მნიშვნელოვანი ჟესტი“, რომელიც იმ „აბსოლუტურ პრიორიტეტულობაზე“ მიანიშნებს, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციას ანიჭებს, რომელსაც „საქართველო ეკუთვნის თავისი გულით, თავისი კულტურით და იდენტობით“. „საქართველო აქ საკუთარ სახლშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.
ზურაბიშვილის თქმით, მათ ივლისში ბათუმში პრეზიდენტ იუნკერის ვიზიტის შესაძლებლობაც განიხილეს, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავისდმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, „ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, 10 წელი, იმისათვის, რომ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი შევაფასოთ და ახალი იდეები, სულისკვეთება და დინამიკა შევმატოთ ამ ურთიერთობას“.
„მინდა, აქაც გავუსვა ხაზი, და ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ როლს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე. ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია. მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ეს მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)