ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია PACE-ს რეზოლუციაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 22 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასაც მიესალმება.

რეზოლუციაში, ასამბლეა მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც შეიქმნა სანქციების სია იმ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირთა შემადგენლობით, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი.

PACE-მ აღნიშნა, რომ ის მზადაა „იბრძოლოს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში მხილებულ პირთა დაუსჯელობის და კორუფციის როგორც კანონის უზენაესობისადმი არსებული საფრთხის წინააღმდეგ“.

2017 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შეიყვანა.

მომხსენებელ ლორდ დონალდ ანდერსონის მიერ შარშან ოქტომბერში იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით წარდგენილი რეზოლუციის პროექტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს საკითხი დაემატა.

დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველოდან – რომელიც ცვლილების ერთ-ერთი ავტორია – განაცხადა, რომ „ის, რასაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან სამართლებრივი განცხადება. ეს არის განცხადება ამ ორგანიზაციის, რომ არ დავუშვებთ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს და ისინი, ვინც ამ დარღვევების უკან დგანან, ამის საფასურს გადაიხდიან“.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის განხილვისას, ბაქრაძემ განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთი – როგორც ოკუპანტი ძალა – პასუხისმგებელია კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებაზე ამ ტერიტორიებზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს“.

„მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, მათი დაპატიმრება და მათი ოჯახებისთვის გამოსასყიდის მოთხოვნა ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. უდანაშაულო მოქალაქეების მოკვლა და წამება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველკვირეულად ხდება, რასაც არ მოსდევს გამოძიება, კანონის აღსრულება, დამნაშავეთა დასჯა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ამიტომაც ვუჭერთ მხარს ამ რეზოლუციას და გვჯერა, რომ ის ცვლილება, რომელიც წევრების ჯგუფმა შეიტანა, რომელთა მადლიერებიც ვართ, ამ რეზოლუციის სულისკვეთებას ემსახურება – რომ დაცული იყოს სამოქალაქო მოსახლეობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და აღარ მოხდეს მსგავსი დანაშაულების გამეორება მომავალში“, – დასძინა მან.

რეზოლუცია PACE-ს 21-25 იანვრის ზამთრის სესიის დროს იქნა მიღებული. საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან მმართველი პარტიის დეპუტატები – ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე ევროპული საქართველოს წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ცვლილების თანაავტორები არიან ევროპული საქართველოს ორი დეპუტატი და მმართული პარტიის ორი დეპუტატი, კვაჭანტირაძე და ცქიტიშვილი. რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგების თანახმად, მხოლოდ ორმა ოპოზიციურმა დეპუტატმა დაუჭირა მას მხარი. მმართველი პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, არ მიიღეს. თუმცა, ჩუგოშვილმა, სავარაუდოდ, რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)