არასამთავრობოთა ჯგუფი მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებზე მომუშავე ჯგუფს ტოვებს
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებზე და კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფს ტოვებს და პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ არასამთავრობოებმა 24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
კოალიციის წევრების განმარტებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილები არიან ის მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებმაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სიის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მიგვაჩნია, რომ იმ შემადგენლობითა და პირობებით, რომლითაც დღეს სამუშაო ჯგუფი არის წარმოდგენილი და 27 იანვარს უკვე სამუშაო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის და ყოფნის გაგრძელების პერსპექტივას“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.
„არ არის დრო შევყვეთ პარლამენტს იმ თამაშში, რომელიც თავიდანვე განწირულია და რომელიც შესაძლოა ყურადღების გადატანა იყოს და ერთგვარი კოსმეტიკური შელამაზება იყოს მთელი ამ პროცესის“, – დასძინა მანვე.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის შეფასებით, არსებობს „საფრთხე“ და „რისკი“, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი „შეიძლება გახდეს იმ სიის და იმ ადამიანების ლეგიტიმაციის საფუძველი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ დრომდე კრიზისში შეეყვანათ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში“.
მისივე განმარტებით, სამუშაო ჯგუფში „დიდწილად“ სწორედ ის ხალხია წარმოდგენილი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათთვის სასურველი ადამიანები უვადოდ დაჩქარებულად დაენიშნათ უზენაეს სასამართლოში. „ჩვენ ვერ ვხედავთ რესურსს, რომ იმ ხალხთან ერთად ვიმსჯელოთ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესს დაუქვემდებაროს ყველა პროცესი ამ ქვეყანაში და ყველა პროცესიდან და ყველა ცვლილებიდან მიიღოს მათთვის სასურველი და სასარგებლო შედეგი“, – განმარტა მანვე.
იგივე პოზიცია აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორს ეკა გიგაურსაც. „ჩვენ ნამდვილად ვერ მივალთ სამეგობროს შეხვედრაზე, რომელსაც ისინი სამუშაო ჯგუფს ეძახიან, სადაც მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ გაალამაზონ ის პროცესი, რომლის შედეგადაც ისევ ჩინჩანალაძის და მურუსიძის კლანის წარმომადგენლებს შეიყვანენ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებულ შემადგენლობას „დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა“. ამიტომ, იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე, ასევე იმ არამოსამართლე წევრებმა, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის წარდგენას დაუჭირა მხარი, თანამდებობები უნდა დატოვონ. მათივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა მოხდეს.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი სამ მთავარ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ესენია:
- დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;
- არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;
- პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა.
„არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)