მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 22-25 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო „კარიბჭეა“ რეგიონში და ის „ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი“. „ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია. თუმცა, ამავდროულად, საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“, – განაცხადა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომისკენ მისწრაფებისა, საქართველო მიიჩნევს, რომ „ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი“. ბახტაძის თქმით, საქართველოს, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, სურს, რომ ხელი შეუწყოს „ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის“.
ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში თავად რეგიონის ინტერესებში იქნება, რომელსაც, მისი თქმით, ყველა ეკონომიკური წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ ძალიან წარმატებული იყოს, თუმცა მეტი სტაბილურობა ესაჭიროება.
პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, „არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე“. მისივე განმარტებით, ორი ქვეყანა აღრმავებს ურთიერთობებს უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში.
სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის „აგრესიულ ნაბიჯებსაც“ შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი „ამ უმტკივნეულეს გამოწვევაზე მდგომარეობს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ჩვენი ეკონომიკის სწრაფ და მდგრად განვითარებაში“.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბახტაძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც შეხვდა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს“, მათ შორის იმსჯელეს TANAP-ის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ.
ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა შორისაც იყვნენ China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტი ლიუ ბენსიანი, საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Stena Rederi აღმასრულებელი დირექტორი კარლ ჰაგმანი, კორპორაცია COSCO Shipping-ის თავმჯდომარე სიუ ლიჟონგი, ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი კომპანიის Guangzhou Automobile Group ხელმძღვანელი წენგ ცინჰონგი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტი ჟილბერტ ჰუნგბო, ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევენთ ჩაკიროღლუ, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის Citi Group-ის თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინსი, Agility Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ტარეკ სულთანი და კომპანია ACCIONA-ს აღმასრულებელი დირექტორი რაფაელ მატეო ასკალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)