თავდაცვის მინისტრი: რეფორმები პრიორიტეტად რჩება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმები 2019 წლის პრიორიტეტად დარჩება.
იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სტრატეგიას კვლავ სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკა განსაზღვრავს, რომლის მთავარი მიზანიც მდგრადი ტერიტორიული თავდაცვის ძალების და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი შესაძლებლობების განვითარებაა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სამინიტრო ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციას განაგრძობს. მისი თქმით, სწორედ ამ პრინციპს დაეფუძნება 2020-2030 წლების ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის მიღებაც 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
იზორიას თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რიგი ცვლილებები განხორციელდება შეიარაღებული ძალების მანევრირების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათ შორის აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში.
იზორიამ საჰაერო თავდაცვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად დაასახელა. მისი თქმით, გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე თბილისი ფრანგულ მხარესთან განაგრძობს მოლაპარაკებებს . მანვე განაცხადა, რომ „იროკეზის“ ტიპის შვიდი შვეულმფრენის მოდერნიზება იგეგმება.
იზორიას განცხადებით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება. მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველო აშშ-ისგან JAVELIN-ის გამშვებ სისტემებს, რაკეტებს და საწვრთნელ საშუალებებს კვლავ შეიძენს.
თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოება ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ საფრთხედ დაასახელა. მისი თქმით, 2019 წელს სამინისტრო სრულფასოვან კიბერსტრატეგიას შეიმუშავებს.
იზორიამ სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) შესაძლებლობების გაუმჯობესების ფარგლებში, ვაზიანში, კრწანისში, ალგეთსა და ნორიოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოს საერთაშორისო მისიებში (ამჟამად, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს) და ნატოს საპასუხო ძალებში მონაწილეობას. ქართველი სამხედროები ასევე განაგრძობენ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში – მალიში (ერთი ოფიცერი) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ოცეული 35 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)