მადრიდში საქართველოს და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 28 იანვარს მადრიდში თავის ესპანელ კოლეგას ჟოსეფ ბორელ ფონტელიესს შეხვდა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ორმხრივ ურთიერთობებს“, ასევე მათი შემდგომი განვითარების „დიდ პოტენციალს“ გაუსვეს ხაზი. მათ საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე თანამშრომლობის შესახებაც იმსჯელეს, მათ შორის ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის მართვის და ვაჭრობის საკითხებზე.
„მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა თავის კოლეგას შეახსენა, რომ ესპანეთი ყოველთვის პატივს სცემდა წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ, კიდევ ერთხელ გამოხატა ესპანეთის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთთან ოსეთთან, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილებთან მიმართებით“, – განაცხადეს ესპანეთის საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა თავის ესპანელ კოლეგას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების, ასევე ამ ორ რეგიონში რუსეთის „დესტრუქციული ნაბიჯების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებების შესახებაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)