პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან მალევე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და რესპონდენტების 27% აცხადებს, რომ ეს პარტია მათთან „ყველაზე ახლოს მდგომია“, რესპონდენტების 12% კი ასეთად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.
30 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, საქართველოს მასშტაბით 2 205 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.1 %-ია.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 14 %–მა ან უარი თქვა პასუხზე ან განაცხადა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ახლოს. რესპონდენტების 36 %–მა ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათთან ახლოს „არცერთი პარტია“ დგას. ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი 3 %-მა დაასახელა. ხოლო რესპონდენტების 7 %–მა სხვა პარტიებზე მიუთითა.
2018 წლის ივნისის ანალოგიურ კვლევაში, მათთან ახლოს მდგომ პარტიად ქართული ოცნება რესპონდენტების 18 %–მა დაასახელა, შემდეგ მოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10 %-ით და ლეიბორისტულ პარტია -3 %-ით.
კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას“ სავარაუდო ამომრჩევლების 29 %-მა ქართული ოცნება დაასახელა, 12%-მა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3%-მა – პატრიოტთა ალიანსი, 7%-მა – სხვა პარტიები. რესპონდენტების 9 %-მა უპასუხა, რომ მხარს „არცერთ პარტიას“ დაუჭერდა, ხოლო 26%-მა განაცხადა, რომ არ იცის.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 69 %-მა განაცხადა, რომ მათ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღეს (ოფიციალურმა აქტივობამ 46.83 % შეადგინა). არჩევნების მეორე ტურში მონაწილოება უფრო მეტმა რესპონდენტმა -76 %-მა მიიღო (ოფიციალური აქტივობა – 56.36 %).
კითხვაზე, როგორ იყო საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზებული, რესპონდენტებმა უაპსუხეს, რომ საარჩევნო უბნები კარგად იყო მოწესრიგებული და სიტუაცია შემავიწროებელი არ ყოფილა, თუმცა გამოკითხულთა თითქმის მესამედი (30%) არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად წარიმართა.
რესპონდენტებს კითხვები სხვა საკითხებზეც დაუსვეს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 44 %-მა მოქმედი მთავრობის საქმიანობა შეაფასა როგორც „ძალიან კარგი“ ან „კარგი“, 49 %-მა კი, როგორც „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“.
რესპონდენტები კიდევ უფრო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ: უმრავლესობა ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ძირითადად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული (71%), რომ პარლამენტმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევა ვერ შეძლო (55%).
მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული. მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ. შემდეგ მოდის ქრთამის აღება და ბიუჯეტის გაფლანგვა პირადი მიზნებისთვის.
კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 92 % მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ 43 % ფიქრობს, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიაა. დანარჩენი 46 %-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კვლევის პირველი ნაწილი NDI-მ 28 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)