ქართული ოცნება: „არ დავუშვებთ სასამართლო ხელისფლების უსამართლო და მიუღებელ დისკრედიტაციას“
პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭო განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც „ბოლო პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას“ ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების „უსამართლო და მიუღებელ დისკრედიტაციას“ არ დაუშვებს.
ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს 5 თებერვლის განცხადებაშია საუბარი. პარტიაში აცხადებენ, რომ 2012 წელს მმართველმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც „ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა“. ოცნების განმარტებით, მიუხედავად საზოგადოების დაკვეთისა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველმა გუნდმა უარი თქვა „სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე“ და სისტემას თვითგამორკვევის საშუალება მისცა, რათა „პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო“.
პარტიაში სასამართლო სისტემაში გატარებულ კომპლექსურ რეფორმებზეც მიუთითებენ და აღნიშნულის საილუსტრაციოდ ამ მიმართულებით გაუმჯობესებულ სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებენ. მათივე განმარტებით, „ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია“ შეუმჩნეველი არც საერთაშორისო ორგანიზაციებს დარჩენიათ.
ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, „სასამართლოს სისტემური გაუმჯობესების გზაზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპად საკონსტიტუციო რეფორმა იქცა“ და სასამართლოსთან მიმართებით განვითარებული „მკვეთრად ნეგატიური პროცესები“ და საზოგადოების ვნებათაღელვა, სწორედ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას დაემთხვა.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10 კაციან სიაზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა, მას „ფორმალურად კანონი არ დაურღვევია“.
„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადაედო, რასაც თავის მხრივ, მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი კანონით დაადგენდა მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურებსა და კრიტერიუმებს, რის შემდეგაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარადგენდა მოსამართლეთა განახლებულ სიას“, – ნათქვამია ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
პარტიისავე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა „კონსტრუქციული სახე მიიღო“ და შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის შესაძლებლობა გაჩნდა, „სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ“.
„მათი შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი, სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულიად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას“, – აცხადებენ ქართულ ოცნებაში.
ოცნებისავე განცხადებით, პარტია ვერ დადგება პროცესებს მიღმა და „თვისებრივად გაუმჯობესებული“ სასამართლო სისტემის უსამართლო დისკრედიტაციას არ დაუშვებს.
პარტია განცხადებაში პოლიტიკურ ძალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს და მათ მოუწოდებს, რომ არ ჩაერთონ „არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში“ და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიას.
„ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, – განმარტავენ ქართულ ოცნებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)