იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

პარლამენტის პირველ საგაზაფხულო სესიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 5 თებერვალს მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი 98 ხმით 4 წინააღმდეგ აირჩიეს.

ამ პოსტზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო დასახელებული. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ 2 თებერვლას გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დაასახელა. 4 თებერვლას გამართულ ბიუროს სხდომაზე კი კენჭისაყრელ საკითხთა სიაში დაარეგისრირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტი დატოვა. თანამდებობიდან მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. 

ბესელიას თანამდებობიდან წასვლამდე, მის პირველ მოადგილედ დეპუტატი გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობასაც ის შეასრულებდა. თუმცა, მალევე ქართულმა ოცნება ის კომიტეტიდან გაიწვია და 14 იანვარს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი აირჩიეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)