ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ერგნეთში IPRM-ის 91-ე შეხვედრა „პროფესიონალურ გარემოში“ გაიმართა
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 91-ე შეხვედრა ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 8 თებერვალს გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზის მიხედვით, მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შედარებით სტაბილური რჩება“, თუმცა ის გამშვები პუნქტების დახურვასთან და ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებულ მოვლენებსაც შეეხო, რაც „შეშფოთების მიზეზს იძლევა“.
„ბორდერიზაციის“ საკითხი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რადგანაც თბილისმა შეხვედრამდე ორი დღით ადრე, სოფელ ძუკაანთკარის მახლობლად „სათვალთვალო კოშკურის“ მშენებლობა გააპროტესტა.
იგორ ქოჩიევმა, რომელიც ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს წარმოადგენდა, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სათვალთვალო კოშკურა“ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მან იქვე დასძინა, რომ ეს ადგილობრივ მცხოვრებლებს დაეხმარება, რომ ბალახის დაწვა აღმოაჩინონ, რაც „ბოლო დროს ძალიან გახშირდა“.
ცხინვალის პოზიციას ოფიციალური თბილისი არ ეთანხმება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა უკანონოა და გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მანვე საოკუპაციო ხაზის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩორჩანასა და წაღვლში მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესიც დაგმო.
მართალია ანთაძემ განაცხადა, რომ უკანონო პროცესმა, შესაძლოა, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მყიფე ვითარებას ზიანი მიაყენოს, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს და ადგილობრივებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად „რთული დისკუსიებისა“, შეხვედრის „ატმოსფერო პროფესიონალური იყო“.
მისიამ ასევე განაცხადა, რომ გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე დისკუსიებს „ბორდერიზაციის“ შესახებ დებატები მოყვა, რა დროსაც მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკამ წუხილი გამოთქვეს იმ ზეგავლენის გამო, რასაც გამშვები პუნქტების დახურვა ახდენს გადაადგილების თავისუფლებაზე, საარსებო წყაროს მოპოვებაზე, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურების წვდომაზე.
გამშვები პუნქტების დახურვაზე საუბრისას ცხინვალის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პუნქტები საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებისთანავე გაიხსნება. გამშვები პუნქტების დახურვის მთავარ მიზეზად საქართველოში ღორის გრიპის გავრცელება დასახელდა.
ევროკავშირის მისიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხზეც იმსჯელეს, რა დროსაც ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთების გადმოცემა და ბაშარულის გარდაცვალების გამოძიება მოითხოვა.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 20 მარტს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)