პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავღანეთს სტუმრობდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა.
„ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
ავღანეთში ვიზიტის დროს, ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურთან და ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან, ასევე ავღანეთის ისლამურირესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ავღანეთში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)