ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ორი პირი თავისუფალია
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ე.წ. მესაღვრეების მიერ 13 თებერვალს „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავებული ორი პირი თავისუფალია. ინფორმაცია Civil.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
დღის პირველ ნახევარში, ქართული მედიის მიერ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურთან, ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი, ამასთან ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულების გასათავისუფლებად მუშაობა მიმდინარეობდა.
მომხდარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც შეაფასა და განმარტა, რომ „სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)