ქობულეთელები აჭარლებს მოუწოდებენ ფართო ავტონომიით ერთად შეუერთდნენ საქართველოს

(„საქართველო“, 12 თებერვალი, 1919, N33)

სამაჰმადიანო საქართველო

(საქართ. დეპეშ. სააგ. საკუთ. კორესპ.)

ბათუმი. თებ. 7. მომავალ ქალაქის საბჭოს შემადგენლობა საბოლოოდ გამოირკვა: რუსებს მიეცა 19 ხმოსანი, აქედან 4 უკრაინელებს. ქართველ ქრისტიანებს 11, ქართველ მაჰმადიანებს 6, სომხებს 14, ბერძნებს 7 და ორ-ორი ებრაელებს და პოლონელებს.

მასლოვის თავხედობას საზღვარი არ უჩანს. მის განკარგულებაში კაცმა არ იცის სად თავდება კანონიერება და სად იწყება უკანონობა და თვითნებობა. ამგვარი არ გვინახავს და არ გაგვიგონია რუსეთის არც ბნელ რეჟიმის დროსაც.

5 თებერვალს ქობულეთში მოხდა დიდი კრება. ერთხმად გამოითქვა სურვილი, საქართველოსთან ფართო ავტონომიით შეერთებისა. ამავე წინადადებით მიმართავენ აჭარლებს, მხარი დაუჭირონ მათ სამართლიან მოთხოვნას.

ჩამოვიდა მთავრობის წარმომადგენელი აკაკი ფაღავა, რომელსაც მინდობილი აქვს ეროვნულ საბჭოს მიერ, დადგენილება გიმნაზიის გახსნის შესახებ რაც შეიძლება მალე სისრულეში მოიყვანოს. იმედია მეცადინეობა თარმ ე კვირაში დაიწყება.

ქვემო-აჭარლები პროტესტს უცხადებენ ალი ჯაფარიძეს, რომელმაც მათს სახელით განაცხადა კრებაზე აჭარლების სურვილი რუსეთთან შეერთების შესახებ.

ქართული საქველმოქმედო და საჰმადიან ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოებები შეერთდა და დაერქვა სახელათ „სამუსულმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის გამგეობაში შედის სამი ქართველი ქრისტიანი და 6 ქართველი-მაჰმადიანი.

ჩამოვიდა ინგლისის ელჩი სტივენსი.

უკვე 5 დღეა აქ იმყოფება საქართველოდან მომავალი გერმანელთა მისია ბარონ კრესის მეთაურობით. ინგლისელები პირდებიან სტამბოლში გაგზავნას. ელიან გემს.