ბენია ჩხიკვიშვილის 6 გადასარევი იმიჯი

100 წლის წინ, 1919 წლის 2 თებერვალს თბილისის ქალაქის საბჭოს არჩევნები გაიმართა. სახადის, ტიფის და ისპანკას ფონზე თებერვლის თოვლჭყაპში ჩატარებულ თბილისის არჩევნებში ქართული დემოკრატიის ბედი წყდებოდა.

სწორედ ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი, იმ ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი, ერთ დროს გაციმბირებული და კატორღამისჯილი, 1905 წელს აჯანყებული გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, 100 წლის წინ, 1919 წლის 17 თებერვალს თბილისის მოურავად, ანუ დღევანდელ ენაზე მერად, აირჩიეს.

პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწე ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი ჩოხატაურში დაიბადა 1881 წელს. ჰქონდა მხოლოდ ჩოხატაურში მიღებული 1 კლასის განათლება. მართალია განათლებას ქუთაისის სამეურნეო სკოლაში აგრძელებდა, თუმცა ბოლო კლასიდან რევოლუციონერობისათვის გამოაგდეს.

ბენია თბილისის პირველი მოურავი, ანუ მერი არ ყოფილა, ამ პოზიციაზე მანამდე არაერთი თბილისელი მსახურობდა, თუმცა იგი ნამდვილად იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული თბილისის მერი.

ბენია პირველი რესპუბლიკის წლებში ბათუმისა და ქუთაისის ოლქების გენერალ-გუბერნატორადაც მსახურობდა. 1921 წლის ბოლშევიკების შემოსევის შემდეგ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში , თუმცა საქართველოში მალევე დაბრუნდა და მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქართველოს გამოსახსნელად.

დაუშრეტელი ენერგიის მქონე რევოლუციონერს, როგორც მისი ფოტოებიდან ირკვევა, არც სტილი და მოდა ეშლებოდა. წარმოგიდგენთ ბენიას, ჩვენი აზრით, 6 გამორჩეულ იმიჯს:

მაშ ასე:

6. ბენია კოსტუმში

კოსტუმში გამოწყობილი ბენიას ეს ფოტო სოხუმშია გადაღებული. აქ ბენია ნამდვილი ლამბერია, გადასარევად კარგად მოვლილი წვერითა და გამორჩეული ვარცხნილობით. გამოხედვაც ისეთი აქვს, 100 წლის წინანდელი შფოთიანი სოხუმის ჩამბარებელ კაცს რომ უნდა ჰქონოდა.

ბენია ჩხიკვიშვილის ფოტო ლურასაბ ტოგონიძის ფოტოკოლექციიდან. ციფრული ვერსია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

5. ბენია ცილინდრითა და პალტოთი

არც მოდა ეშლებოდა, არც ფოტოკამერასთან ურთიერთობა. ხელიც როგორ ელეგანტურად აქვს პალტოში შეცურებული?

ფოტო ბ-ნ ირაკლი მახარაძის ფეისბუკ გვერდიდან

4. ბენია ყაბალახით

ამ ფოტოში ბენია ყაბალახით წარმოგვიდგება. ფოტოზე ბენიას გვერდით მდგარი ჩოხიანი კაცი გლეხი იაგორ ბოლქვაძეა, ამ ფოტოზეც სწორედ ბოლქვაძის ამხანაგები არიან გამოსახულნი. ყაბალახი მოგეხსენებათ მამაკაცის და ასევე, ზოგჯერ ქალის თავსაბურავადაც გამოიყენებოდა ჩვენში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში.

იაგორ ბოლქვაძის ამხანაგები, მათ შორის, ბენია ჩხიკვიშვილიც. ფოტო ლურასაბ ტოგონიძის ფოტოკოლექციიდან. ციფრული ვერსია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

3. ბენია ტყავის ქურთუკით ქუთაისიდან

ამ ფოტოზე ბენია ქუთაისის ცნობილ ბულვარში, ბაღისკიდეში დგას ქუთაისის პირველი ბატალიონის წინაშე. სხვათა შორის, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ქუთაისმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბენიას ცხოვრებაში. სწორედ აქ, ქუთაისში, სამეურნეო სკოლაში სწავლისას გაეცნო იგი სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას. საბოლოოდ, 1900 წელს ბენია სკოლიდან გამოაგდეს სოციალ-დემოკრატიულ წრეებში მონაწილეობისათვის.

ეროვნულ არქივში დაცული ფოტოს ეს სქრინი წამოღებულია ირაკლი მახარაძის ფეისბუკის გვერდიდან
ბენია და ქუთაისის I ბატალიონი 1919 წ. ქუთაისის ბულვარში. ფოტო წამოღებულია legionerebi.com – ის გვერდიდან: https://bit.ly/2IppPt0
ბენია და ქუთაისის I ბატალიონი 1919 წ. ქუთაისის ბულვარში. ფოტო წამოღებულია legionerebi.com – ის გვერდიდან: https://bit.ly/2IppPt0

2. ბენია ჩოხაში

1905 წელს, როცა გურიის აჯანყება მეის რუსეთმა დაამარცხა და აჯანყებულთა დასჯა დაიწყო, გურულების კომიტეტს დაუდგენია, ბენიას მხარე დაეტოვებინა, ის კი მაინც დარჩენილა გურიას. ხუმრობდა თურმე, “ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?“-ო? ამ ჩოხიან ფოტოში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ ხუმრობაში ცოტა სიმართლეც ერია, ბენია მართლაცდა მაღალი კაცი ყოფილა.

  1. პატიმარი ბენია კოპლებიანი პერანგით

ამ ფოტოზე ბენია სულ რაღაც 27 წლისაა და ფოთის ციხეში იხდის სასჯელს გურიის პრეზიდენტობისათვის. ფოტო 1907 წელსაა გადაღებული და როგორც უკან მინაწერი იტყობინება, ბენიამ იგი თავის დას გაუგზავნა. ერთად ფეისბუკ მომხმარებელმა იკითხა, როგორ უთავსებდა ბენია რევოლუციონერობას და კოპლებიან პერანგში გამოწკეპას ერთმანეთსო? მგონი, სწორედ რომ რევოლუცია არ არსებობს კოპლებიანი პერანგის გარეშე.

ბენია ჩხიკვიშვილი ფოთის ციხეში. ფოტო ბ-ნ ირაკლი მახარაძის FB გვერდიდან

ბოლოთქმის მაგიერ

და თქვენ რომელმა ბენიას იმიჯმა მოგხიბლათ? გაგვიზიარეთ რესპუბლიკა-100-ის Facebook გვერდზე.