პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე უსაფრთხოების შესახებ საუბრობს
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, 15-17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრს თან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახლდნენ. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებთან რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
აშშ-სთან ურთიერთობები „დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა“
პარასკევს, საქართველოს დელეგაცია აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს პატრიკ შანაჰანს შეხვდა, რომელმაც დაადასტურა აშშ-ის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ორი ქვეყნის „ძლიერი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“.
„ლიდერებმა რიგი თავდაცვის საკითხები განიხილეს, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერა და პროგრესი თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიმართულებით“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მიუნხენში მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს და სენატორ ჯინ შაჰინსაც შეხვდა, რომლებმაც პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ კონგრესი, კონკრეტულად კი, სენატი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის „ორპარტიული მხარდაჭერის“ აღმოჩენას.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის მეორე დღეს, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები „დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა“.
ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონისთვის
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 16 თებერვალს ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე. მან აღნიშნა, რომ ალიანსში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებამ საქართველოს როგორც ასპირანტ ქვეყანას სტიმული მისცა.
აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე საუბრისას ბახტაძემ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უსაფრთხოება შავ ზღვაზე ევროპის მდგრადი უსაფრთხოების წინაპირობაა.
„რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ… ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებისა და მშვიდობის იდეას… ეს მთლიანი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ეს დიდი საფრთხეა და… სანამ არ გვექნება რეალური და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოება ვერც ევროპაში იქნება მდგრადი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას და დასძინა, ყველა ის ერი, რომელსაც დემოკრატიის სჯერა, უნდა გაერთიანდეს და ძალისხმევაც გააძლიეროს.
შეხვედრები კოლეგებთან
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგი შეხვედრები გამართა მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის, ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სერ ალან დუნკანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან მილო ჯუკანოვიჩთან, ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერნა სულბერგთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრასთან.
ცალკე შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. ის მის ხორვატ, კვიპროსელ, ჩეხ, ლიხტენშტაინელ, ჩრდილოეთ მაკედონელ, სუდანელ, ტოგოელ და ტუნისელ კოლეგებს შეხვდა. საქართველო-გერმანიის ურთიერთობები განიხილა ზალკალიანმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან იან ჰეკერთან შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზის მენეჯმენტის საკითხებში კრისტოს სტილიანიდესთან შეხვედრაზე სამოქალაქო უსაფრათხოებისა და ბუნებრივი კატასტროფების სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)