მამუკა ხაზარაძე: „ჩვენ მზად ვართ ეროვნულ ბანკთან ერთად განვაგრძოთ დიალოგის ძიება“
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად მედიასთან დღეს პირველად ისაუბრა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატა.
მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მასთან ერთად, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდა, ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კანონს პატივს სცემენ. „TBC-ის დაარსების დღიდან, ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება“, – დასძინა მანვე.
მართლმსაჯულების მოლოდინში
ხაზარაძემ ასევე განმარტა, რომ სადავო საქმესთან დაკავშირებით რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება თი-ბი-სი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა და ისინი „მართლმსაჯულებას“ ელოდებიან.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად, განვაგრძოთ დიალოგის ძიება, რომ თავიდან ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა, ქვეყნის საინვესტიციო გავლენაზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მან პროკურატურის მიერ თი-ბი-სი ბანკთან მიმართებით ფულის შესაძლო გათეთრების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზეც ისაუბრა და ამ ფაქტი არსებობა კატეგორიულად უარყო. „ჩვენ მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას“, – აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტის გარშემო არსებული ყველა მასალა საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უკვე გადაგზავნილია.
მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სადავო ტრანზაქციაზე უკვე არსებობს საერთაშორისო იურიდიული ფირმის კვალიფიციური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ „ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთანაც კი არ აქვს კავშირი“. მანვე აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ყველა დაინტერესებული მხარისთვის გაზიარების მზადყოფნაც გამოხატა.
„მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეულ იქნას თქვენს მიერვე დასახელებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო იურიდიული კომპანიები, არასამთავრობოები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც თქვენ შეგაწუხეთ“, – ხაზი გაუსვა ხაზარაძემ.
გავლენა ანაკლიის პროექტზე
მისივე განმარტებით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება და მათი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, „პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულებას [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ].“ მისივე თქმით, არცერთი საფინანსო ინსტიტუტი გააფორმებს ხელშეკრულებას ისეთ ინვესტორთან, რომლის წინააღმდეგაც „იხსნება, ე.წ. არარსებული საქმე“.
„სახელმწიფო ამავე დროს მხარშიც გვიდგას, ცოტა ეს მომენტი მაშფოთებს, რომ ერთის მხრივ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებით არ გვაქვს და მეორეს მხრივ სახელწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ განცხადება, როდესაც გამოძიება დამთავრებულიც კი არ არის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე შეფასებით საქმე არა მხოლოდ TBC ბანკს, არამედ „ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს“ ეხება. „ყველა დაინტერესებულ მხარეს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს განცხადება გაავრცელა და თიბისი ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მალევე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და ეროვნულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისკენ მოუწოდეს.
TBC ბანკის პასუხი
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას თავად TBC ბანკი და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. „ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას [ და] გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად“, ნათქვამი იყო ბანკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებში.
თავად მამუკა ხაზარაძემ კი, ეროვნული ბანკის მიერ „აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება“ და „რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დაუკავშირა.
პოლიტიკური დისკურსი
შეფასებები გაისმა პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ ხელისუფლების ჩარევის კვალს ხედავს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და „რეგულატორის“ გადაწყვეტილებასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)