ზურაბიშვილი: „პარტიის მადლობელი ვარ, მაგრამ მასთან ვალში არ ვარ“
ყოფილი ფრანგი დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს ხმების 60%-ით აირჩიეს. ზურაბიშვილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ოთხშაბათს, 19 თებერვალს პარიზში შეხვდა. ბრიუსელის შემდეგ, პრეზიდენტის რანგში, ეს უცხოეთში მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია.
ლე მონდის (Le Monde) სახელით მას სილვი კაუფმანი (Sylvie Kauffmann) ესაუბრა:
ისე, რომ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არჩევნების შედეგი, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც თქვენს არჩევას უჭერდა მხარს, 600 ათასი ადამიანისათვის ვალების ჩამოწერა გააკრიტიკა…
დიახ, იყო კრიტიკა, როგორც ეს დღეს ყველგან ხდება მსოფლიოში, არჩევნების დროს ძალადობაც არ ხდება მხოლოდ საქართველოში… თუმცა, ჩავლილი არჩევნების დარი ძალადობრივი შეტევები კანდიდატის პიროვნებაზე
მე არასოდეს მინახავს. რუსული ტექნოლოგიების ზეგავლენა ამ [საარჩევნო] კამპანიაზე ეჭვგარეშეა.
ეუთოს წარმომადგენლებმა, რომელთაც მე შევხვდი, შემდეგი არჩევნებისათვის
რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს. როგორც პრეზიდენტი, მე ამ რეკომენდაციების განხორციელების ერთ-ერთი გარანტი ვარ. რაც შეეხება ვალებს, ეს მთავრობის მუშაობის ძირითადი თემა იყო არჩევნებამდე – ჭარბვალიანობა საქართველოსათვის მწვავე პრობლემაა – თუმცა კერძო სახსრებით ამ ვალების მოგვარების გადაწყვეტილება მართლაც არჩევნების ორ ტურს შორის იქნა მიღებული.
ეუთომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფო აპარატს შორის ზღვარის გარკვეულწილად წაშლაც გააკრიტიკა…
საპარლამენტო სისტემაში, რომელიც საქართველომ მიიღო, პრეზიდენტი პარტიებს ზემოთ დგას, რამაც თანდათანობით სახელმწიფო ინსტიტუტების წინა პლანზე წამოწევის საშუალება უნდა მოგვცეს. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საპრეზიდენტო ინსტიტუტის სიმბოლიზმის განმტკიცებაა. პრეზიდენტს პატივს უნდა სცემდნენ, რადგან იგია სახელმწიფოს განსხეულება, იმისდა მიუხედავად, რომ მან თავისი [ადრინდელი აღმასრულებელი] ძალაუფლების ნაწილი დაკარგა.
დღეს მე სრულიად დისტანცირებული ვარ იმ პარტიისაგან, რომელმაც ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი, [ჩვენ შორის] არ არსებობდა წინასაარჩევნო შეთანხმება და ჩემი არჩევის შემდეგ პარტიის ოფიციალურ პირებს აღარ შევხვედრივარ. მე მათი მადლობელი ვარ მხარდაჭერისათვის, მაგრამ მათთან ვალში არ ვარ. ამ ვითარებას ისიც ამყარებს, რომ ექვსწლიანი მანდატით ვარ არჩეული, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მომიწევს ჩემი ასაკიდან – 66 წლის ვარ – და იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგი პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მიერ იქნება არჩეული.
როგორ ხედავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარებას?
ახლა ფრიად საინტერესო მომენტში ვართ. ევროპის გზაზე ფრიად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით – ასოცირება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება… ახლა იმ საკვანძო ეტაპზე ვართ, როდესაც ევროკავშირის წევრობისათვის [ჩვენი] კანდიდატობის საკითხი მაშინ დგება, როდესაც თავად ევროპაა კრიზისში. შესაძლოა კი, ევროპის მოსალოდნელმა განახლებამ საქართველოს ევროპულ ოჯახში ხელახალი ინტეგრაციის შანსები გააუმჯობესოს, როდესაც ევროპა გაფართოების დილემას დააღწევს თავს? ესაა ჩვენი გამოწვევა. ამის მიღწევა სხვადასხვა ფორმატშია შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ და მივიღოთ [ევროპასთან ინტეგრაციის] ცალკეული კომპონენტები მანამ, სანამ ევროპა მომწიფდება [ჩვენი სრული წევრობისათვის]. მაგრამ ამისათვის საქართველომ ნათლად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. საფრანგეთი და გერმანია ამ საქმეში ჩვენი უპირველესი მხარდამჭერები არიან.
და რაც შეეხება ნატოს?
აი, აქ პარადოქსული ვითარებაა. საქართველო იმდენად მზადაა [წევრობისათვის], რომ ხვალ რომ ნატომ წევრობის სამოქმედო გეგმა მოგვცეს, მისი შესრულება ორ თვეში შეგვიძლია. მოკავშირეებსა და ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობების მდგომარეობიდან და რუსული ფაქტორიდან გამომდინარე, პრობლემა ნატოს წევრების პოლიტიკური გაფართოებისათვის მზადყოფნაშია. ჩვენ კვლავაც აქტიურად ვითხოვთ წევრობას.
რა პოლიტიკას ახორციელებთ რუსეთთან, რომელმაც 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია განახორციელა?
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნა ძალაში რჩება. თუმცა დღეს, საქართველოს რუსეთთან გასათამაშებელი კარტი არ აქვს: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაფერი ამაზე დარჩება გაყინული, თუკი რუსეთის პოზიციის ცვლილება არ მოხდა და მათგან მოქნილობისათვის მზადყოფნის სიგნალი არ მივიღეთ – რასაც დღეს ვერ ვხედავთ. თუკი მოვა დიალოგის დრო, ამ პროცესში ჩვენ მარტო არ შევალთ, ჩვენს გვერდით იქნებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. სწორედ ამიტომ, ვაპირებ ვაშინგტონში ჩავიდე, რათა ტრამპისა და პუტინის შესაძლო სამიტის წინ, [აშშ-ს] ჩვენი ხედვა გავაცნო.
როგორ შეაფასებდით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მმართველობას, რომლის ადმინისტრაციაშიც მინისტრის პოსტი გეჭირათ, სანამ ოპოზიციაში გადახვიდოდით?
მისი მმართველობის შედეგები დადებითი იყო დასაწყისში: რეფორმების განხორციელება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ… ჩემი უმთავრესი კრიტიკა მის მიმართ, გარდა მისი ავტორიტარული ტენდენციებისა, ისაა, რომ მან ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მას გააჩნდა, სრულად ვერ გამოიყენა. [ესა იყო] საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორების უმრავლესობის მხარდაჭერა, მათ შორის, რუსეთისაც – ყოველ შემთხვევაში, იმის მაქსიმუმი, რასაც შეგვიძლია რუსეთისგან მოველოდეთ. საქართველომ უფრო შორს წასვლის და წარმატების მიღწევის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დაკარგა. ახლა ჩვენ უკან ძალიან სერიოზული ტვირთი გვექაჩება – ის შიდა დაპირისპირება, რომელსაც საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ვხედავდი.
სააკაშვილი ახლა ჰოლანდიაშია გადახვეწილი, შეუძლია მას საქართველოში დაბრუნება?
არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ ის ახლა არავის სჭირდება, მათ შორის, მის მომხრეებსაც, რადგან ის მოძრაობა, რომელსაც ის სათავეში ედგა, დღეს ორადაა გაყოფილი. მის მხარდამჭერებს შეუძლიათ ოპოზიციაში იმუშაონ, მაგრამ არა მგონია ეს პირადად მისი გავლით ხდებოდეს.
This post is also available in: Русский (რუსული)