საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. დღეს, ის თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა და მასთან თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს, საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში შუამავლობის და ქვეყნის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების საქმეში.

თავის სიტყვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიესალმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ მას ღრმად სწამს, რომ ქართველებმა მას ხმა როგორც „ევროპელ პრეზიდენტს“ მისცეს, რომელიც იქნება „ხიდი“ საქართველოს და ევროპას შორის, ასევე საქართველოს და საფრანგეთს შორის.

„ჩვენ ვართ სტაბილურობის კუნძული რეგიონში, რომელიც არის საკმაოდ დაძაბული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზად არის საქართველოს მხარი ყველა მიმართულებით დაუჭიროს. მისი თქმით, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტზეც იმსჯელეს, რაც საქართველოს ზღვის მეორე მხარეს მყოფ ევროპელ პარტნიორებთან დააახლოებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა თავის ქართველ კოლეგას საფრანგეთში პრეზიდენტის რანგში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ზურაბიშვილის მიპატიჟება მიიღო. მაკრონის თქმით, საფრანგეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წვლილს შეიტანს კონფლიქტის მოგვარებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ დღის წესრიგში არსებული რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკის, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, ასევე განათლების და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ლიდერებმა სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს.

„მინდა, რომ საფრანგეთმა ასევე ითამაშოს როლი შავი ზღვის მარშრუტების განვითარების საქმეში და გაძლიერებული ეკონომიკური თანამშრომლობის ამ ეტაპზე ჩვენ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობებს ვაყალიბებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ განაგრძობს ძალისხმევას ნატო-საქართველოს გაფართოებული თანამრომლობის ფარგლებში, სადაც საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის კომპონენტს კურირებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ორმა პრეზიდენტმა „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „უფრო სტრუქტურული სტრატეგიული თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მეტი ინტენსიურობა შევძინოთ ჩვენს ურთიერთობებს, საერთო პროექტების საფუძველზე“.

პარიზში სალომე ზურაბიშვილი პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს, საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარდ ლარშეს, ფრანგ ლიდერ ქალებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში – Sciences Po საჯარო ლექციაც წაიკითხა თემაზე „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“. პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში (IFRI) გამართულ შეხვედრაზე კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.

20-21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)