ენგურჰესზე წყლის დონის დაცემის გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
ენგურჰესზე წყლის დონის დაცემის გამო, რაც სავარაუდოდ ნალექის ნაკლებობამ და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ გამოიწვია, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები დააწესა.
ენგურჰესის სრული გათიშვის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ელექტროგანამაწილებელმა კომპანიამ „ჩერნომორენერგომ“ 19 თებერვალს დღეში ელექტროენერგიის მიწოდების სამი საათით შეზღუდვის შესახებ განცხადება გაავრცელა.
კომპანიის თქმით, წყლის დონე რეზერვუარში ზღვის დონიდან 434 მეტრს შეადგენს, რაც მის საკონტროლო ნიშნულს, 420 მეტრს უახლოვდება. ამ დონის ქვევით წყლის დაწევის შემთხვევაში, ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყდება.
„შეზღუდვა რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ელექტროენერგიით დეფიციტის დაფარვამდე ძალაში დარჩება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ სოხუმში მდებარე ტელეკომპანია „აბაზას“ განუცხადა, რომ რეგიონში ელექტროენერგიის სრული გათიშვის თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ენგურჰესის ხელმძღვანელმა, ლევან მებონიამ Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ დამატებითი ელექტროენერგიის მოწოდების თაობაზე, „ჩერნომორენერგო“ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მებონიამ ასევე აღნიშნა, რომ არსებული წყლის მოცულობა მომდევნო 15-20 დღისთვის იქნება საკმარისი. მან ასევე განაცხადა, რომ თუ მომდევნო დღეებში წვიმების და თოვლის დონე დაბალი იქნება, სოხუმს შეზღუდული საათების გაზრდა მოუწევს.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური
ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.
თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40 %–ზე ბევრად მეტს მოიხმარს და 2019 წლის მდგომარეობით, აფხაზეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 48 % მიდის, ხოლო 52 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წელს, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 002 მილიონი კვ/ს შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 15.3 %-ია. 2016 და 2015 წლებში, აფხაზეთს 1 927 მილიონი კვ/ს (17.5 %) და 1 797 მილიონი კვ/ს (17.3 %) ელექტროენერგია მიეწოდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)