გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი 25 თებერვალს დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად, დაგეგმა და ორგანიზება გაუწია ყოფილი პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მიზნით თავდასხმას, რისთვისაც თარგამაძის ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა.

პროკურატურის ინფორმაციით, პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და ის საერთაშორისო წითელი ცირკულარით იძებნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ 2017 წლის 14 თებერვალს ცნო. პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ბორის ჩაგუნავამ გამოძიებას განუცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი „მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მსჯავრდებულების თანამზრახველების დადგენის მიზნით, გამოძიება კვლავ გრძელდება.

ავტომობილი, რომლითაც ყოფილი დეპუტატი გადაადგილდებოდა, 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ააფეთქეს. აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს თავად გივი თარგამაძემ და ავტომანქანის სიახლოვეს მყოფმა მოქალაქეებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)