ზვიად კვაჭანტირაძე ქართულ ოცნებას ტოვებს
პარტია ქართულ ოცნებას კიდევ ერთი დამფუძნებელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ტოვებს. ამის შესახებ მან 27 თებერვალს აზერბაიჯანში განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
კვაჭანტირაძის განმარტებით, მისთვის გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი იქნება „სწორი“ თანამებრძოლების, მეგობრებისა და „იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიტანეთ 2012 წლის ოქტომბერი“.
დეპუტატის განცხადებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად პარლამენტში არსებული სიტუაციის საწინააღმდეგო „განაცხადი“ და „პროტესტია“.
„ეს არის ჩემი სუვერენული გადაწყვეტილება და მე ვუერთდები იმ ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და ეს არ იყო მარტო სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც გვიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ“, – განაცხადა მან.
ბოლო ერთ კვირაში, კვაჭანტირაძე უკვე მეხუთე დეპუტატია, რომელიც უმრავლესობიდან წასვლაზე განცხადებას აკეთებს. ქართული ოცნების დატოვების შესახებ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ უკვე განაცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)