სალვო: პუტინმა ვერ მოახერხა მსოფლიო წესრიგის თავდაყირა დაყენება

როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „გერმანიის მარშალის ფონდის“ – “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” მკვლევარებმა სპეციალური პროექტი შექმნეს, რომელშიც მონაცემები გამუდმებით ახლდება და მოსკოვის მიერ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები, კიბერთავდასდხმები, ფარული დაფინანსება და ა.შ. დეზინფორმაციისა და რუსეთის სხვა ასიმეტრიული ქმედებების შესახებ მკვლევარი და ალიანსის დირექტორის მოადგილე დევიდ სალვო გვესაუბრა.

2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი მიუღებელია. ამის შემდეგ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ამას მოჰყვა უკრაინის მოვლენები. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა მას შემდეგ მსოფლიოში? პუტინმა მოახერხა იმის გაკეთება, რასაც მაშინ გულისხმობდა?

ვფიქრობ, 2007 წელს მსოფლიოსთვის ვლადიმირ პუტინის გზავნილი იყო ის, რომ არსებული, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი არ იყო მისაღები რუსეთის ინტერესებისთვის და ის აპირებდა თამაშის წესების თავდაყირა დაყენებას იმ ტაქტიკითა და საშუალებებით, რომელიც მსოფლიო არენაზე აქამდე და ამგვარად არ გვინახავს. ასე რომ, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, კიბერთავდასხმები ესტონეთში – ეს ქმედებები არის სხვადასხვა ასიმეტრიული ინსტრუმენტების, საშუალებების ერთობლიობა. რუსეთის მთავრობა და მისი სატელიტები ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და დესტაბილიზაცია შეიტანონ ტრანსატლანტიკურ სამყაროში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მოახერხა ის, რის მიღწევაც სურდა?

არ ვფიქრობ, რომ ასეა. რადგან ფუნდამენტური ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ალიანსები, რაც ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს უქმნის საფუძველს, იქნება ეს გაერო თუ უფრო კონკრეტულად, ტრანსატლანტიკური სივრცე – ნატო და ევროკავშირი,  კვლავ ძლიერია. მიუხედავად „ბრექსიტისა“, ევროპული სუვერენიტეტისთვის პოპულიზმის გამოწვევისა თუ და სხვა სირთულეებისა. ამ ინსტიტუტებს კვლავ აქვს უპირატესობა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, ასე რომ, ვფიქრობ, არა, პუტინმა ვერ მოახერხა მსოფლიო წესრიგის ისე შეცვლა, როგორც ეს სურდა.

რამდენად საკმარისი გააკეთა დასავლეთმა რუსეთის შესაჩერებლად, რომელმაც ახალი წითელი ხაზები დაიტანა მსოფლიო რუკაზე?

ვფიქრობ, ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის და შემდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიისთვის. ვფიქრობ, ხელიდან გავუშვით შანსი მართლაც გადამწყვეტი პასუხი გაგვეცა, ხაზი გაგვევლო. მაგრამ სანქციებითა და სხვა სადამსჯელო ღონისძიებებით ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია.

არის დებატები იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა დასავლეთის ქვეყნებს უფრო პროაქტიული ღონისძიებები გამოეყენებინათ საქართველოსა და უკრაინის დასაცავად, მაგრამ, ვფიქრობ, დასავლეთმა ძალიან ბევრი გააკეთა ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად, მიუხედავად ყველაფრისა, რაც რუსეთის შეჭრით მოხდა. ალიანსი საჯაროდ ამბობს, საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის.

ბევრია სამუშაოა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც, მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირმა და ნატომ უფრო ძლიერად უნდა მისცეს ნიშანი ამ ქვეყნების მოსახლეობას, რომ წევრობა რეალურია. თუ ამ ქვეყნების მოსახლეობა დაიწყებს დაჯერებას, რომ ეს არასდროს მოხდება, ამით შეიცვლება საზოგადოებრივი აზრი დასავლეთის მიმართ, რუსეთის მიმართ და ამ სივრცეში სხვა აქტორების მიმართ.

თუ საქართველოში, უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთში ან სხვაგან, ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაში, ხალხი იმედს დაკარგავს, ეს საშიშია დასავლეთისთვისაც. მოსახლეობამ უნდა მოისმინოს დასავლელი, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებისგან, რომ ყველა ის სამუშაო, რაც ამ ქვეყნებმა გასწიეს და რაზეც ახლაც მუშაობენ, არაა ამაო და წარმატებულია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ასეთი ცუდი ცივი ომის შემდგომ აქამდე არასდროს ყოფილა. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ახლა ეს ურთიერთობა?

სამწუხაროდ, ვფიქრობ ეს ძალიან ზუსტი შეფასებაა. რუსეთში ამერიკას ადანაშაულებენ ამ ურთიერთობების გაუარესებაში, მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და არა მხოლოდ 2016 წლის არჩევნებისას. როგორც კონგრესის გამოძიებებმა, სოციალური მედიის კომპანიებისა და ჩემი ორგანიზაციის მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოავლინეს, რუსეთის მთავრობის გავლენის ოპერაციები ამერიკელთა და ევროპელთა წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს. ეს აჩვენებს, რომ ურთიერთობების გამოსწორებისადმი ინტერესი უბრალოდ არ არსებობს თუკი ისინი ცდილობენ ფუნდამენტურად შეარყიონ და ძირი გამოუთხარონ ჩვენს საზოგადოებას და გააძლიერონ, გაამწვავონ პოლარიზება ამერიკულ და ევროპულ საზოგადოებებში. ასე რომ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ სანამ ასეთი ტაქტიკა არ შეწყდება, რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე, შესაძლოა, უფრო ვიწრო რეგიონისთვის – კავკასიისთვისაც საყურადღებო იყოს. როგორია თქვენი შთაბეჭდილება, შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ ამერიკა კარგავს ინტერესს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ? თუ პირიქით, ამას შეიძლება ამერიკის მხრიდან მეტი ჩართულობა მოჰყვეს?

მე არ გავავლებდი ამგვარ პარალელს. ვფიქრობ რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა აჩვენა, რომ ის დაინტერესებულია კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის განვითარებით. საქართველოში ამერიკა ყოველთვის იყო ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაძლიერების მოწინავე მხარდამჭერი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება წევრი სახელმწიფო. ამერიკამ ასევე დიდი ინვესტირება განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მედიატორის როლში და მშვიდობის, საზღვრების გახსნისა და სამი ქვეყნის ხალხთა კავშირის ხელშესაწყობად.

რას ნიშნავდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ამ დრომდე ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა?

ამ პოლიტიკით ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი ის იყო, რომ ის აუცილებლად ამერიკის ინტერესებს დაიცავს უპირველესად. ვფიქრობ ეს გზავნილი გამოუსადეგარია იმ მხრივ, რომ მოწყვლად რეგიონებში მყოფ ქვეყნებს, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, აფიქრებინებს, რომ ისინი გარკვეულ ინტერესებს მიღმა რჩებიან და ეს სამართლიანი შიშია იმის გათვალისწინებით, რა გზავნილებიც ისმის პრეზიდენტისა და სხვების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ევროპის მიმართ ერთგულება ისეთი სერიოზული აღარ არის, როგორიც ერთ დროს იყო. ვფიქრობ ამერიკელი ლიდერების მხრიდან საჭიროა მეტი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს, ნატოს წევრობას და გვადარდებს წევრობის მსურველი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის განვითარება. ვფიქრობ, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – ამ პოლიტიკაში არის სიმართლის ნაწილი, ყველა ქვეყანა უპირველესად საკუთარ ინტერესებს იცავს, მაგრამ ჩვენი ინტერესი არსებობს მთელ მსოფლიოში და დიახ, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ საქართველო და უკრაინა მართალია უკვე არიან ნაწილი, მაგრამ გახდნენ სრულუფლებიანი წევრები ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისა.

გერმანიის მარშალის ფონდის „დემოკრატიის დაცვის ალიანსმა“ შექმნა პროექტი, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის მიერ სხვა ქვეყნების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევებს აღრიცხავს. რა აჩვენა ამ პროექტმა, რა ტაქტიკებსა და საშუალებებს იყენებს რუსეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნების დემოკრატიის შესასუსტებლად?

ჩემი ორგანიზაციის პროექტი ტრანსატლანტიკური სივრცის ქვეყნებში რუსეთის მთავრობის ჩარევის 400-ზე მეტ ინციდენტს აღრიცხავს: საქართველო, უკრაინა, ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა. ჩვენ აღვწერეთ ის ოპერაციები, რომლებიც 2000 წლიდან, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებაში მოსვლის დროიდან ხორციელდება. ზოგიერთი ტიპის ოპერაცია უკრაინაში, მაიდნის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა. კრემლი იყენებს ისეთ განსხვავებულ საშუალებებს, როგორიცაა კიბერ და საინფორმაციო ოპერაციები, ფინანსურ გავლენები, სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის ძირის გამოთხრა, სტრატეგიული ეკონომიკური იძულება და ა.შ. და, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტები გამოიყენება მონაცვლეობით და ერთობლივად იმისათვის, რომ დემოკრატიული მთავრობებისა და საზოგადოებების დესტაბილიზაცია მოხდეს.

ძალიან კარგი მაგალითია ამერიკა, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას რუსეთის მთავრობამ რამდენიმე სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩევნებში ჩარეულიყო. ეს იყო კამპანიის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერ-თავდასხმა; დეზინფორმაციის ოპერაციები, რომელთა სამიზნეც ყოველდღიურად იყვნენ როგორც მემარცხენე და მემარჯვენე დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები; გამოყენებული იყო ასევე ისეთ გავლენიან სოციალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციებში ინფილტრაციაც, როგორიც „შაშხანათა ეროვნული ასოციაციაა“. ასე რომ, ხედავთ, როგორ ავსებს და აძლიერებს ერთმანეთს ეს საშუალებები.

ეს ხდებოდა საფრანგეთშიც, ემანუელ მაკრონის კამპანიის იმეილებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, მეორეს მხრივ კი, რუსეთი ფინანსურად ეხმარებოდა მის კონკურენტს, მარი ლეპენს. ასე რომ, ბევრი ტაქტიკა, რაც წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა, ახლა იჩენს თავს, ჩნდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში. ჩვენი პროექტი ააშკარავებს ტენდენციას, რომ ეს არაა მხოლოდ ერთი ქვეყანა ან ერთი ინსტრუმენტი/საშუალება, ესაა ყველა ინსტრუმენტის გამოიყენება იმისთვის, რომ ზოგადად, ტრანსატლანტიკური საზოგადოება იყოს დასუსტებული.

რა არის ამ კრემლის დეზინფორმაციული მანქანის მთავარი სამიზნე და მის მიმართ ყველაზე მოწყვლადი სფერო საქართველოში?

ვფიქრობ, ორი ძირითადი სფეროა, რომლის გამოყენებასაც რუსეთის მთავრობა ცდილობს. პირველი, ეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებია. ესაა მაგალითად ისეთი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც სრულად არ იზიარებენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. კრემლის ინტერესებშია ნებისმიერი ტიპის წაქეზება ამ ჯგუფებისა, რამდენადაც შეეძლებათ.

მეორეს მხრივ, დამაპირისპირებელი საკითხი არის კონფლიქტის ზონები. რუსეთის მთავრობა ყოველთვის ეცდება, რომ მოახდინოს კონფლიქტის ირგვლივ არსებული სენტიმენტებით მანიპულირება. ასე რომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, საიდან მოდის კონკრეტული გზავნილები და ნარატივები ახალ ამბებსა თუ სოციალურ მედიაში. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს აქვთ გარკვეული სიმპათია და ერთგულება? არა ის, რომ აუცილებლად სრულად მოსყიდულები არიან, მაგრამ მაინც, საიდან მოდის მათი რიტორიკა. რატომ არ უჭერენ ბოლომდე მხარს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ზოგიერთი პარტიები და კანდიდატები? ესაა ის დამაპირისპირებელი საკითხები, რასაც რუსეთის მთავრობა ეცდება, რომ ჩაეჭიდოს ქართულ კონტექსტში.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ დეზინფორმაციისა და გავლენის მოხდენის ინსტრუმენტების მთელ ამ ნაკრებს?

ვფიქრობ, ორი მიმართულებით: სქართველოს მთავრობა უნდა იყოს უკიდურესად გამჭვირვალე თავის მოსახლეობასთან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და უფრო მეტად კი, ზოგადად ქვეყნის მიმართულებაა მნიშვნელოვანი: კორუფციის აღმოფხვრა, კანონის უზენაესობის გაძლიერება, საჭიროა ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი მიღებისთვის ყველაფერი კეთდება და მეორე მხრივ, მათ მიერაც იმის დემონსტრირება, რომ ალიანსი ელოდება მათ და ისინი გახდებიან სრულფასოვანი წევრები.

როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ის განსაკუთრებით ძლიერია და ამავე კონტექსტში, როგორ ფიქრობთ რა გავლენა ჰქონდა ან რამდენად იყო გამოყენებული დეზინფორმაციისა და გავლენის იგივე ინსტრუმენტები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, 2008 წელს და კიდევ უფრო ადრე, სწორედ ამ ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ?

გვაქვს ძალიან აშკარა მაჩვენებლები იმისა, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს კონკრეტული ტიპის ნარატივს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში. ესაა, ძალიან მკაფიო, ასიმეტრიული ტაქტიკა, ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის იმოქმედებს ამ ორი რეგიონის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ჩვენ ამას ვხედავდით, 2008 წლამდეც. რუსეთის მთავრობა მაშინ კიბერთავდასხმებს იყენებდა საქართველოს სამხედრო და სხვა სამთავრობო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად. ასე რომ, ეს ინსტრუმენტები ყოველთვის ხელთ აქვს კრემლს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს ამ ორ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში.

როგორია თქვენი უმთავრესი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ?

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს რუსეთის საინფორმაციო და სხვა ტიპის ოპერაციების გამოაშკარავებით დაკავებული, ვფიქრობ, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მაინც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს. ის ხშირად უფრო სანდო ხმაა, სწორედ იმიტომ, რომ არ წარმოადგენს ხელისუფლებას. საქართველოში არის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობს და იქ არიან ძალიან ნიჭიერი ექსპერტები, რომლებსაც ესმით რუსეთის მოტივაცია, ტაქტიკები და ინსტრუმენტები. სწორედ ისინი უნდა იყვნენ მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების გაზრდის საქმის სათავეებთან. მთავრობის მხრივ კი, როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა გაძლიერდეს საუბარი საქართველოს მომავალზე და იმაზე, რომ ქვეყანა ერთგულია არჩეული გზის, რომლის ბოლოსაც ქვეყნის რიგითი მოქალაქე იქნება უფრო დაცული და ექნება მეტი კეთილდღეობა. სწორედ ასეთი გზავნილებია საჭირო. თუმცა მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ურთიერთშემავსებლად, საკუთარი როლი უნდა ითამაშოს.


მასალა Civil.ge-ისთვის ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.