მირზა სუბელიანს ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს მიერ 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულისთვის 2017 წლის დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი ცნობილი იყო. შესაბამისად, მის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მას მსჯავრი დანაშაულის დაფარვისთვის დაედო.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი ამბობდა, რომ მისი დაპატიმრება მოსახლეობაში არსებული საპროტესტო ტალღის განსამუხტად, მასსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი გარიგება იყო და ის ციხეში მხოლოდ 13 თვეს გაატარებდა. იმავე ჩანაწერში სუბელიანი განმარტავდა, რომ შეთანხმება უშუალოდ შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)