პარლამენტის კომიტეტში მამუკა ხაზარაძეს მოუსმინეს
ბანკირი სახელმწიფოს "ორკესტრირებულ შეტევაში" ადანაშაულებს
4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატები თიბისი ბანკის დამფუძნებლებსა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ.
თიბისი ბანკთან დაკავშირებული გამოძიება, რომლის შესახებაც პროკურატურამ იანვრის დასაწყისში განაცხადა, უკანასკნელ თვეებში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ უპირველეს თემად იქცა.
მათ დეპუტატებს ბანკთან დაკავშირებით არსებული ვითარების თავისი ხედვა გააცნეს, შემდეგ კი კითხვებს უპასუხეს.
წინა საჯარო განცხადებებისაგან განსხვავებით, ხაზარაძემ ღიად დაადანაშალა პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები ბანკზე ზეწოლაში და მათი მხრიდან განხორციელებულ „ორკესტრირებულ შეტევაზე“, „შანტაჟსა“ და „მუქარაზე“ ისაუბრა.
„შეტევა ბანკზე“
მამუკა ხაზარაძემ ბანკის წინააღმდეგ განხორციელებულ „ორკესტრირებულ შეტევაზე“ გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო, როდესაც ბანკით ერთდროულად 4 უწყება დაინტერესდა: ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი.
ამ უწყებების მიერ განხორციელებული შემოწმებების პერიოდში, ხაზარაძის თქმით მათ გადასცეს არქივში დაცული ყველა დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, საბანკო სექტორს 6 წელზე მეტი ხნის ვადის დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება არ აქვს.
„რომ დავინახეთ, რომ ასეთი შემოტევაა, როგორიც 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება ერთობლივად შემოდის, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა არქივში“, – განაცხადა მან.
სადავო ტრანზაქცია
„ორკესტრირებული შეტევის“ ფარგლებში, ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე იმ ტრანზაქციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის მიმართაც პროკურატურას კითხვები აქვს.
ხაზარაძის თქმით, საქმე ეხება 2007 წელს ბანკის მცდელობას, ეროვნული ბანკის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გაეზარდა ბანკის კაპიტალიზაცია, რათა კაპიტალიზაციის დონე მისი აქტივების და კრედიტების მაშინდელი ზრდის შესაბამისი ყოფილიყო. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორის დასაინტერესებლად აუცილებელი გახდა საკუთარი კაპიტალის (80 მილიონი დოლარის) მოძიებაც, რისთვისაც სესხები საქართველოში კერძო პირებისაგან აიღეს. შეთანხმების თანახმად, ახალი პარტნიორი შეთანხმების მიღწევისთანავე ამ თანხის რეფინანსირებას მოახდენდა.
ხაზარაძის განმარტებით, 2008 წლის ომის შედეგად შეთანხმება დროში გაიწელა, შემდეგ კი, ევროპაში განვითარებული ფინანსური კრიზისის გამო შერჩეული პარტნიორი (AIB, Allied Irish Bank) შეთანხმებული კონტრაქტის შესასრულებლად მზად ვერ აღმოჩნდა, რის შედეგადაც ბანკი ვალში აღმოჩნდა და მის დასაფარად ხაზარაძე და ჯაფარიძე იძულებულები გახდნენ, რომ ბანკის წილის 80 %-დან 60 % დაეთმოთ.
მისივე თქმით, ეს ტრანზაქციები სრულიად ლეგალური იყო, 2009 წელს შემოსულმა ახალმა პარტნიორებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა სრულად შეამოწმეს ისინი და „არცერთი წითელი დროშა არ აწეულა“.
ხაზარაძის განმარტებით, ბანკმა პროკურატურას, რომელიც „ოქტომბერში გამოჩნდა“ ამ სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პირადი ანგარიშებითა და თანხის მოძრაობის ამონაწერის ჩათვლით.
შეტევების სერია
2018 წლის ივლისიდან განხორციელებული „შეტევის“ ფარგლებში, ხაზარაძემ რამდენიმე კონკრეტული ფაქტი დაასახელა.
- კიბერ-შეტევა
ხაზარაძის თქმით, გასულის წლის ივლისში, ბანკის შემოწმებების მიმდინარეობისას, ბანკის წინააღმდეგ კიბერ-შეტევა განხორციელდა. მისი განმარტებით, ბანკის პროგრამისტებმა არა მარტო გააუვნებელყვეს ეს შეტევა, არამედ დააფიქსირეს შეტევის წყარო და მოახერხეს მისამართის და კონკრეტული კომპიუტერების იდენტიფიკაცია „თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე“.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მაშინვე შსს-ს მიაწოდეს, თუმცა საქმის მიმდინარეობაზე პასუხი მხოლოდ ერთი კვირის წინ, ხუთი მიწერილი წერილის შემდეგ მიიღეს, სადაც ერთ-ერთი გამომძიებელი განმარტავს, რომ ამოღებულია კომპიუტერი და წაღებულია ექსპერტიზაზე.
ხაზარაძის ვარაუდით, ამ მისამართზე სწორედ „ის ოფისებია [განლაგებული], საიდანაც ე.წ. ბოტები და [ტროლების] ფაბრიკები იმართება“ და ფიქრობს, რომ მათ წინააღმდეგ სოციალურ მედიასა და ქსელებში წარმოებული „შეტევის რაღაც ნაწილი, ალბათ იქიდან მოდის“.
- „შანტაჟი“ ეროვნული ბანკის მხრიდან
„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მეც და ბადრისაც“, განაცხადა ხაზარაძემ. მისი განმარტებით, რეგულატორი სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებს სთხოვდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში არა მხოლოდ ხელმძღვანელი თანამდებობები დაეტოვებინათ, არამედ საბჭოდან საერთოდ წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ეროვნული ბანკი გამოსცემდა ბრძანებას მათი დათხოვნის შესახებ, ანდა მოითხოვდა ბუფერული კაპიტალის გაზრდას. ეს მისი თქმით, პირდაპირი მუქარა და შანტაჟი იყო.
ხაზარაძისვე განმარტებით, მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მისთვის წერილობითი დოკუმენტის მიცემა მოითხოვა, სადაც განმარტებული იქნებოდა, რომ „საქმე არ გვაქვს ფულის გათეთრებასთან“. მისივე თქმით, მეორე დღეს რეგულატორისგან მობილური შეტყობინება (WhatsUp აპლიკაციით) მიიღო, სადაც ნათქვამი იყო: „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის, საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს“. თუმცა უთხრეს, რომ ამ ინფორმაციის გამოყენება მხოლოდ პარტნიორებთან შეეძლო და სხვაგან არა.
მისივე თქმით, ის ეროვნული ბანკისაგან ახლაც იღებს მოთხოვნებს, რომელიც უკავშირდება არა საბანკო ოპერაციებს, არამედ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის დაფინანსებაში წილების საკითხებს. ეს, ხაზარაძის თქმით, ბანკის კომპეტენციის მიღმაა.
„მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას. მე, როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
- შს მინისტრის მუქარა
ყველაზე ხმამაღალი და პირდაპირი ბრალდება მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრს წაუყენა. მისი თქმით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც მას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდნენ.
დეპუტატების კითხვაზე, თუ ვინ იყო ის მაღალჩინოსანი, ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მან წერილი შს მინისტრისგან მიიღო. მანვე აღნიშნული წერილის გასაჯაროების პირობაც დადო. „გპირდებით მე ამას [წერილს] გავასაჯაროვებ, მაგრამ გავასაჯაროვებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი, რომელიც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალებას მოგვცემს“.
ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში, პროკურატურაში მისი გამოკითხვისას თქვა, აღნიშნული წერილის შესახებ განაცხადა, თუმცა „ამის მერე არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს“.
დღესვე, პროკურატურამ ხაზარაძის გამოკითხვის ოქმის ამონაწერი გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ მან მუქარაზე მართლაც ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ საქმე შსს მინისტრისაგან მიღებულ წერილს ეხებოდა.
კავშირი ანაკლიის ღრმაწლოვან პორტის პროექტთან?
დღევანდელი გამოსვლისას, ხაზარაზემ თიბისი ბანკზე „შეტევის“ თემა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის პროექტთან რამდენჯერმე დააკავშირა. თიბისი ჰოლდინგი ამ სტრატეგიული პროექტის წამყვანი პარტნიორია დ 2016 წლის სამთავრობო გადაწყვეტილებით, მას ამერიკულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.
ხაზარაძის თქმით, ყველაზე პირდაპირი კავშირი, საბანკო სკანდალსა და ანაკლიის პორტის პროექტს შორის ისაა, რომ სანამ ბანკის გარშემო არსებული ბუნდოვანი ვითარება არ გაირკვევა, საერთაშორისო დაფინანსების მობილიზება ვერ მოხერხდება.
მისივე თქმით, ანაკლიის დაფინანსების თემასვე უკავშირდებოდა მისი თხოვნა პროკურატურისადმი, რომ მისი პირველი გამოკითხვის (2018 წლის დეკემბერში)– შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარიყო, რაზეც, მისი თქმით, თანხმობა მიიღო, თუმცა პროკურატურამ უკვე 2019 წლის 9 იანვარს პრესისთვის განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქმე „ფულის გათეთრების“ მუხლით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკიდან ახლაც იღებს მოთხოვნებს ანაკლიის პროექტში წილების განაწილებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბანკის კომპეტენციაში არ შედის.
„თუ ამოცანა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, მაშინ კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი“, – განაცხადა მან.
სახელმწიფოს წარმომადგენლების პასუხი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაზარაძეს დღესვე უპასუხა და განაცხადა, რომ ეს „პრივილეგირებული ბიზნესმენის“ მხრიდან „პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით“, „იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ იყო.
„მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, – განმარტა გახარიამ და იქვე დასძინა, რომ „პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში“. შსს მინისტრმა აგრეთვე მზადყოფნა განაცხადა, მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატების შეკითხვებს.
ხაზარაძეს ეროვნული ბანკიდანაც უპასუხეს და განმარტეს, რომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები შესაბამის კანონმდებლობაშია დაკონკრეტებული და მათ შორის არის ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება.
„შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – განმარტავს რეგულატორი.
საგამოძიებო კომისია?
ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ დღეს TBC ბანკის საქმეზე, „სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)