ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დააბრუნეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა.

გადაწყვეტილება ქართული ოცნების პარტიის ოფისში დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდაქართული ოცნებისდაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში“, – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკი ჩაანაცვლა, რომელიც პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიაში შემოღებულ ახალ თანამდებობაზე – პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტზე დაინიშნა. ვოლსკი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრადაც რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში ქართული ოცნების ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობებიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი ორი წლის განმავლობაში ეკავა. მან თანამდებობა 2015 წლის დეკემბერში დატოვა და ის გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა საკმაოდ მოულოდნელი იყო, ანალიტიკოსები მას მთავრობის რეიტინგის ვარდნას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სახელისუფლო გუნდის გადახალისების აუცილებლობას უკავშირებდნენ.

პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ღარიბაშვილმა პოსტი წარმატების ზენიტში დატოვა და ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თუმცა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 2015 წელს ივანიშვილი ამბობდა, რომ ღარიბაშვილს ეუბნებოდა, რომ ნათესავები პრობლემა გახდებოდა მისთვის და ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები.

პრემიერ-მინისტრობამდე ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა. ის პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად, 2011 წლის ბოლოს ჩაერთო. მანამდე ის 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ საქმიანობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)