ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ანატოლი ბიბილოვს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 მარტს კრემლში ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა და მასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
შეხვედრის დაწყებამდე პრესისთვის გაკეთებულს კომენტარში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ცხინვალს შორის არსებული ურთიერთობა „განსაკუთრებული ხასიათისაა“. „ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – დასძინა მან.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება უზრუნველვყოთ“, – განუცხადა პუტინმა ბიბილოვს და დასძინა – „ეჭვგარეშეა, რომ პროცესი იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება“.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ცხინვალის მთავარ ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვი ცხინვალის ეკონომიკის გასაძლიერებლად პროგრამების განხორციელებას განაგრძობს.
პუტინი ცხინვალში ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები „კანონისა და დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება“.
თავის მხრივ, ბიბილოვმა პუტინს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, რაც როგორც თავად აღნიშნა, უკვე ტრადიციად იქცა. ასეთი შეხვედრები „ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარების საკითხი, ასევე სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ უმაღლეს დონეზე რჩება“.
ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვს შორის არსებული შეთანხმებები ეფექტიანად ხორციელდება და რომ მოსკოვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)