ბახტაძე: თიბისი ბანკის საქმე ანაკლიის პორტის პროექტს არ უკავშირდება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე რაიმე გავლენა არ ექნება.

„ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავ მცდელობას დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის ძიებაში კონკრეტული პიროვნებების, კონკრეტული ტრანზაქციის და შესაძლო პიროვნებების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტთან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

„ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება დაიწყო რამდენიმე წლის წინ, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით და ეს გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი“, – დასძინა მანვე.

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ეს საკითხი „უსაშველოდ“ არ გაიწელოს. ამ განცხადებით ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც პროექტის დეველოპერებმა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში თანხების მოძიება ვერ მოახერხეს.

„მოხდა რამდენიმეჯერ საკითხის გადავადება და ჩვენი ამოცანაა ისევე როგორც, მე ვფიქრობ, კონსორციუმის მონაწილეების უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი და ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, რომ ვითომ თავის დროზე ვიღაცამ კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანიპორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti INternational-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.

მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკის საქმეზე დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირა და ვარაუდობს, რომ გამოძიების მიზანი პროექტიდან მისი და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორებაა.

ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ TBC-ის გარშემო არსებული ბუნდოვანება უცხოელ კრედიტორებთან დაფინანსების შესახებ გათვალისწინებული შეთანხმებების დასრულებას აფერხებს, რაც მაისში ან ივნისში უნდა მომხდარიყო. ის ასევე აცხადებს, რომ კრედიტორები შეთანხმებებში რამდენიმე ცვლილებას ითხოვენ, მათ შორის საუბარია ე.წ. ტრეფიკ რისკის გარანტიაზე, რაზეც ხელისუფლება თავს იკავებს.

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები კონსორციუმის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ პროექტის დეველოპერებმა საჭირო თანხები დროულად ვერ მოიძიეს და კონტრაქტით გათვალისწინებული გრაფიკი დაარღვიეს. ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ პროექტისთვის თანხების მოძიება გამოძიების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გახდა პრობლემატური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)