ბირთვული მასალის უკანონო მოპოვებისა და გასაღების ფაქტზე სუს-მა ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ქობულეთში დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
სუს-ის მიერ 13 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებული საგნის ექსპერტიზის შედეგად, რომლის წონაც 40.19 გრამია, აღმოჩნდა, რომ ის რადიოაქტიურ იზოტოპს „ურან-238“-ს შეიცავდა, რომელიც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)