საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 13-14 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, დღეს ერევანში თავის სომეხ კოლეგას არმენ სარქისიანს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი არა მხოლოდ მეზობლები, არამედ „მეგობარი ქვეყნებიც“ არიან.
„ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი გამოწვევებია… საჭიროა, რომ ვიცოდეთ, მთავარი და ერთადერთი გზა ამ გამოწვევების წინაშე არის სწორედ მშვიდობიანი გზა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სტაბილურობა და მშვიდობა ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო წინაპირობებია.
მან რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უალტერნატივო გზა არის მშვიდობიანი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ საერთაშორისო ნორმებზე, რომ გადაწყდეს საბოლოოდ ეს კონფლიქტები, რომელიც აკავებს და ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას“.
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტები სასაზღვრო დავასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ დროა დასრულდეს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.
ერევანში სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან არარატ მირზოიანთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)