ზალკალიანმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 17-23 მარტს ლათინური ამერიკის ქვეყნებს სტუმრობს, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდოლფო ნინ ნოვოას შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები განიხილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ურუგვაისა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და არსებული პოტენციალის აქტიურად გამოყენების გზებზე იმსჯელეს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით, მეწარმეობის განვითარების, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.
მინისტრმა ზალკალიანმა თავის კოლეგას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება გააცნო და ურუგვაის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა.
მონტევიდეოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სენატის თავმჯდომარეს ლუსია ტოპოლანსკის და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს სესილია ბოტინოსაც შეხვდა. ზალკალიანი ურუგვაიდან ბუენოს აირესში გაემგზავრება, სადაც თავის არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორის შეხვდება. ასევე, გაეროს მაღალი დონის „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)