საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 89 ხმით 31-ის წინააღმდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიღებას წინ რამდენიმედღიანი ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა უძღოდა. განხილვებში სასამართლო რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ისინი საკომიტეტო მოსმენებს საპროტესტო წარწერიანი მაისურებით – „კლანი უნდა წავიდეს“ ესწრებოდნენ.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტისადმი არასამთავრობო სექტორთან ერთად კრიტიკული იყო საპარლამენტო ოპოზიციაც. მათი შეფასებით, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. „კლანის“ ინტერესებზეა მორგებული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას კვლავ ამ „კლანს“ უტოვებს. საპარლამეტო ოპოზიციამ ოცნების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
დღესვე პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უყარა კენჭი, თუმცა კანონპროექტმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა და ჩავარდა. ევროპული საქართველოს ინიციატივას მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42-მა კი, უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.
პოლიტიკური შეფასებები
პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში ისეთი რეგულაციებია ჩადებული, რომლითაც „კლანს საშუალებას აძლევთ, რომ არავის არ წარადგენინოს კანდიდატურა“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით კი, დღეს „საქართველოში სასამართლო სისტემა არის ჩამოშლილი“. მისივე თქმით, ქვეყანას „სასამართლო კლანის“ მეშვეობით ერთი ადამიანი მართავს, „რომლის ხელშიც სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, ქვეყნის პოლიტიკის, მათ შორის, რეპრესიული პოლიტიკის გატარებისა“.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გაწერას ითვალისწინებს, რათა მოსახლეობას პროცესზე დაკვირვების საშუალება ჰქონდეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ორი კვირის ვადაში, კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე, ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენა ვერ მოესწრება, უმრავლესობა მზად არის, რომ საკითხის განხილვა კიდევ ორი კვირით გადადოს.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი
- ვინ შეიძლება შეირჩეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად?
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად შეიძლება შეირჩეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და პროფესიული მუშაობის გამოცდილება. ასეთებად ჩაითვლებიან: მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება [ყოფილი მოსამართლეების შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 და მეტი წელი არ უნდა იყოს გასული]. ასევე სამართლის დარგის სპეციალისტი, 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომელიც შემოსული განაცხადების განხილვის შემდეგ, განმცხადებელთა სიას და ავტობიოგრაფიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ათავსებს.
ამის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად ფარულ კენჭისყრას ატარებს, რის შემდეგაც კანდიდატების საჯარო მოსმენა დაიწყება. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, მათ შეაფასებს და კენჭს ფარულად უყრის.
მოსამართლეობის კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ, კენჭი უკვე მათი პარლამენტისთვის წარდგენას ეყრება. პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც დაუჭერს მხარს.
უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად უკვე წარდგენილი კანდიდატები გაწვეულად ითვლებიან. ამასთან, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.
ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი
ევროპული საქართველოს მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წევრების მიერ დასახელებულ ყველა კანდიდატს, რომელიც მოქმედი კანონის 34-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამავე ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დასაბუთებული ინიციატივის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, არ წარუდგინოს პარლამენტს დასახელებული კანდიდატი, თუ ამ გადაწყვეტილებას ერთხმად მხარს საბჭოს სრული შემადგენლობა დაუჭერს. აღნიშნულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომელმაც განსახილველი კანდიდატი დაასახელა.
13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი
მმართველი გუნდისა და ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტების გარდა, პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კიდევ ერთი პაკეტის განხილვისთვის ემზადება, რომელიც ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.
- ვინ შეიძლება შეირჩეს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად?
მათ მიერ შემოთავაზებული ინიციატივის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც იურიდიული განათლება და არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ამასთან, კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი ან ყოფილი წევრი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი წელი უნდა იყოს გასული.
- მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის წესი:
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეისწავლის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დახმარებით.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 9 წევრით განისაზღვრება. აქედან: 2-ს სახალხო დამცველი წარადგენს, 2-ს ადვოკატთა ასოციაცია, 3-ს ა(ა)იპ-ების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის სფეროს მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგი წარმოადგენს, 2-ს კი აკადემიური წრის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.
მოსამართლეობის კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასდებიან.
ამბის პრეისტორია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა დღის წესრიგში გასული წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის კანდიდატების 10 კაციანი სიის წარდგენის შემდეგ დადგა. საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სიამ უკმაყოფილება მმართველ გუნდშიც გამოიწვია. საკითხის გარშემო გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. შედეგად, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)