ერგნეთში IPRM-ის 92-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 22 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 92-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, „შეხვედრა ღია და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა“.
მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შედარებით სტაბილური რჩება“. მან შეხვედრის ყველა მონაწილეს მოუწოდა, რომ „კვლავაც გამოიყენონ მისიის მიერ ორგანიზებული ცხელი ხაზი ინციდენტების პრევენციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის“.
დღის წესრიგის საკითხებს შორის ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებული გამშვები პუნქტების გახსნა, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის გარდაცვალება, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იყო.
პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ თბილისის ოფიციალურმა პირებმა კვლავ „კატეგორიულად მოვითხოვეთ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთების გადმოცემა“. „ჩვენი მიზანია გამოვლინდნენ დამნაშავეები და მოხდეს მათ მიმართ სამართლის აღსრულება“, – აღნიშნა მანვე.
ჟურნალისტების კითხვებს სოფელ ხურვალეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანთაძემ თავი აარიდა. ქართული პოლიციის მიერ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას, ანთაძემ განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები პრევენციული ხასიათისაა და მათი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიიდან მომავალი საფრთხისგან სამოქალაქო პირების დაცვაა. მანვე არსებული საფრთხის ტიპსა და შეზღუდვების ხანგრძლივობაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
იგორ ქოჩიევმა, რომელიც ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს წარმოადგენდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები დაგმო და განაცხადა, რომ „რაიმე პროვოკაციული ქმედებების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთი თავის ძლევამოსილ მოკავშირეს მიმართავს და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას“.
როდესაც ქოჩიევს ხურვალეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს, ქოჩიევმა განაცხადა, რომ „საქართველოს და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველების სწრაფმა ქმედებებმა აღკვეთა ინციდენტი“. მან იქვე განმარტა, რომ „პროვოკაციაში ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას მიერ დაგეგმილ ქმედებას გულისხმობდა.
ქოჩიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქართული სოფლების მხრიდან“ უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო გადმოფრენის გამო, ცხინვალმა პროტესტი გამოთქვა. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხებიც განიხილეს.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 16 მაისს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)