ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო ჰყავს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 24 მარტს პარტიის მე-8 ყრილობა გამართა და პარტიის ახალ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩია. ამ დრომდე ეს პოსტი ვაკანტური იყო და საპატიო თავმჯდომარის პოსტი სიმბოლურად საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკავა.
პარტიამ ყრილობა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ მოიწვია, სადაც მან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა.
ყრილობას ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებთან ერთად, პარტიის 350-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს 10 ახალი წევრი აირჩიეს, ხოლო 102 წევრს მანდატი განუახლდა. დელეგატებმა დეპუტატი ნიკა მელია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო კობა ნაყოფია აღმასრულებელ მდივნად ხელახლა, ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს.
პოლიტიკური განცხადებები
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პირველი იყო, რომელიც ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ნაციონალური მოძრაობისთვის და ქვეყნისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების“ დასაწყისია.
მან პარტიის წარსულ მიღწევებზეც ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო“.
„ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც ქვეყანა ამბიციურ, სამაგალითო, რეფორმატორ სახელმწიფოდ აქცია, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, ბიძგი მისცა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, წამოიწყო გლობალური ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტები“, – განაცხადა მან.
„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა შეცდომებზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის შეფერხებაზე და პირველად საქართველოს ისტორიაში, მშვიდობიანი გზით გადასცა ხელისუფლება გამარჯვებულ ძალას“, – განაცხადა მელიამ.
ყრილობის მონაწილეებს Skype-ის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
„საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ, დღეს რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიხსნათ ივანიშვილის მახრჩობელა მარწუხებისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში „ახალი და საინტერესო“ პოლიტიკოსები არიან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის შარშანდელ კამპანიაში 400 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც უდიდესი ძალაა და რომ საქართველოს მომავალი სწორედ ამ ადამიანებზე დგას.
„დღეს გვინდა, რომ პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიოთ გია ვაშაძე. ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება მოქნილი სტრუქტურა. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში. ჩვენი სხვა ლიდერები ციხეში არიან, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ და ზეწოლის ქვეშ… ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„გია ვაშაძე არის პატიოსნების, პატრიოტიზმის და გამაერთიანებლობის სიმბოლო და ჩვენ მასთან ერთად მოვახერხეთ ძალიან ფართო კოალიციის შექმნა და მინდა მივესალმო გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს“, – დასძინა მან.
ამის შემდეგ, სიტყვით თავად გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა და პოლიტიკის პრიორიტეტებსა და პარტიის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმის ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად“, – განაცხადა ვაშაძემ.
„არ შეიძლება გვერდზე გადგე მაშინ, როდესაც ეკონომიკა პარალიზებულია და ოჯახს ლუკმა-პურის ფული არ აქვს, როდესაც მშობლები საზღვარგარეთ მონურ შრომას ეწევიან და ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან, გაძვირებული მედიკამენტები და ხარისხიანი მედიცინა გახდა რიგითი მოქალაქისთვის ფუფუნების საგანი, ხოლო რაც შეეხება დასაქმებას, ის მხოლოდ ქართული ოცნების წევრების და მათი მხარდამჭერების პრივილეგიაა, როდესაც ყოველდღიურად კრიმინალი გახდა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი… როდესაც ჩვენი სამშობლოს ნარკოტიკების პლანტაციად გადაქცევა უნდა ოლიგარქს და მასთან დაახლოებულ პირებს… როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩანაცვლებულია სუბელიანის და ფარცხალაძის სარდაფებით, როდესაც ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო არის ვითომდა ჩვენი სასამართლო სისტემა და შვილმკვდარ მამებს კი, ქუჩაში უწევთ სიმართლის და სამართლის ძებნა… როდესაც საქართველოს სამოციქულო-მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიდის დაუფარავი შეტევა… მაშინ, როდესაც არჩევნები ღიად ყალბდება“, – განაცხადა მან.
„ნაციონალურ მოძრაობას, როგორც იდეალებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული მოქალაქეების ერთობას, ნამდვილად არ აქვს გვერდზე გადგომის უფლება და მისი მთავარი ამოცანაა დაამარცხოს ოლიგარქი და ქვეყანა ხელიდან გამოგლიჯოს კრიმინალურ რეჟიმს… ჩვენი მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს, დავუბრუნოთ სახელმწიფო მოქალაქეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და საბანკო სექტორის „დემონოპოლიზაციის“ გზით სესხის პროცენტების შემცირების, ეკონომიკის დაფინანსებისთვის კაპიტალური გარანტიის შექმნის, კომერციული დანაშაულების დეკრიმინალიზაციის, ბიზნესარბიტრაჟის ჩამოყალიბების და ბიუროკრატიის შემცირების პირობა დადო.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მშპ-ის 6 %-ს განათლებისთვის გამოყოფს და სამ ან მეტ შვილიან ოჯახებს საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის შესამსუბუქებლად საგადასახადო ტვირთზე შეღავათებს დაუწესებს.
ვაშაძემ საგარეო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მტკიცე, მშვიდობიანი, პრინციპული, ინფორმირებული და ცივილიზებული პოლიტიკა უნდა განახორციელოს. მისივე თქმით, აფხაზური ერის, ენის და კულტურის შენარჩუნება საქართველოს „ისტორიული, პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)