ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს
2018 წლის ივლისში, ხადას ხეობაში ამერიკელი წყვილისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 25 მარტს 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ ცნო.
საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში მარტის დასაწყისიდან მიმდინარეობდა და დასკვნითი სხდომა გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ, მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მხარე კობაურს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 109-ე და 137-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. კერძოდ, ორი ან მეტი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, ასევე არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა და გაუპატიურება, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს დანიშნულ სხდომაზე განსაზღვრავს.
განაჩენთან დაკავშრებით მედიასთან კომენტარი კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქმის პროკურორის ზაზა დათუკიშვილის შეფასებით კი, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალდებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც მისი დაკავების დღიდან, ბრალდება ყოველთვის აცხადებდა, რომ „მოპოვებულ იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო მალხაზ კობაურის მიერ.
მისივე თქმით, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ბრალდება სასჯელის განმსაზღვრელ სხდომაზე კობაურისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას დაუჭერს მხარს.
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გასული წლის 7 ივლისს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხადას ხეობაში ნაპოვნი ლორა და რაიან სმიტების გვამებს პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
უწყების 9 ივლისის განცხადებაში უკვე დაზუსტებული იყო, რომ კობაურმა „ურთიერთშელაპარაკებისას“ მამა და შვილი სანადირო თოფით დახოცა, ქალი კი, „შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას, ხევში გადავარდა და გარდაიცვალა“.
მთავარმა საგამოძიებო უწყებამ კობაურს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, კობაურს კიდევ ერთი ბრალი – ლორა სმიტის გაუპატიურება წარუდგინეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ ექსპერტიზამ კობაურის მხრიდან ქალზე სექსუალური ძალადობის ნიშნები გამოავლინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)