დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით შსს-მ მოზარდი დააკავა
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი მოზარდი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდი აღიარებს, რომ კადრები ინტერნეტში მან განათავსა. „რაც შეეხება ინტერესს, არანაირი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა youtube-ზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, „ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება“.
კომენტარი თავად ეკა ბესელიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელებული „ერთგვარი შტურმის ფონზე, გააქტიურდა ეს თემა“ და ინტერნეტსივრცეში კადრები კვლავ გამოჩნდა. მისივე თქმით, კადრების გავრცელების შესახებ მან გუშინ მედიით შეიტყო, რის შემდეგაც ის შსს-ს დაუკავშირდა, ინფორმაცია მიაწოდა და აღმოჩნდა, რომ უწყებაში ფაქტის შესახებ სწორედ მისგან გაიგეს.
„აქამდე არ ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი. მე ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც. თუ დაახლოებით ერთი თვის ვადაში, ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ისა და პროკურატურისაგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს რა ჰქვია ამ ყველაფერს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებას და ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე შსს-მ პირველ თებერვალს 16 პირი დააკავა. მათგან ნაწილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)