მოსაზრება: ეკლესია და სახელმწიფო

გაზ. „ერთობა“, 1919 წელი, 10 აპრილი, N80.

            რევოლუციამ ეს კითხვაც წამოაყენა გადასაწყვეტათ: როგორი დამოკიდებულება უნდა დამყარდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

            პრინციპიალურათ აქ სადაო არაფერია არა თუ სოციალისტისათვის, უბრალო დემოკრატისთვისაც კი. იცხოვრე ისე, რომ შენმა მოქმედებამ არავითარი ზიანი არ მიაყენოს არც საზოგადოებას და არც კერძო პირს – ასეთია ის მთავარი პრინციპი, რომელზედაც უნდა აშენდეს სახელმწიფოს ცხოვრება. ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ჩვენ ეკლესიის საკითხსაც.

             ბევრი ერთმანეთში ურევს ეკლესიას და სარწმუნოებას. ნამდვილათ კი ეკლესია ერთგვარი ძალდატანებითი ორგანიზაციაა, ისეთი დაწესებულებაა, რომელსაც მრავალი სახელმწიფოებრივი ხასიათის საქმე აბარია. კერძოთ ეკლესიას აბარია მეტრიკის შედგენა. დაბადების და სიკვდილის შემოწმება, ქორწინება – და ყველა ამას უაღრესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ მდგომარეობისთვის, მის უფლება მოვალეობაზე. სარწმუნოება კი სინდისის საქმეა: მას არა თუ სახელმწიფოსთან და მის ორგანიზაციასთან არ აქვს რაიმე კავშირი, მას არავითარი დამოკიდებულება არ აქვს მეცნიერებასთან, უბრალო ცოდნასთან. მაშასადამე დღევანდელი ეკლესია, ის, რაც ძველმა წყობილებამ გვიანდერძა, სრულს წინააღმდეგობას წარმოადგენს: ეკლესია ბოჭავს და ზღუდავს სარწმუნოებას, ის მუხრუჭს უჭერს ადამიანის სინდისს. და ეს დუხჭირი მოვლენა ბევრს იდეალათ გამოაქვს, სარწმუნოების სამსახურათ ეჩვენება.

            დემოკრატიას საჭიროთ მიაჩნია ამ დუხჭირ მოვლენის მოსპობა, ის მოწოდებულია გაათავისუფლოს ადამიანი ყველა სფეროში და შექმნას ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანი მართლა გახდეს გვირგვინი ქმნილებისა. ეს კი შესაძლებელია ეკლესიის ყველა შემავიწროებელ წესების გაუქმებით, მისი ორგანიზაციის მოშლით. ეკლესია უნდა გამოეყოს სახელმწიფოს – ასეთია ჩვენი ლოზუნგი, რომელმაც ახლო მომავალში ხორცი უნდა შეისხას.

            მაგრამ აქ იბადება წმინდა პრაქტიკული საკითხი: ერთი ეხება სამღვდელოების მდგომარეობას, ღვდლებს, რომელთაგან იშვიათად ვინმემ თუ იცის რაიმე სპეციალური ხელობა, რომ თავი ირჩინოს. მეორე თითონ მორწმუნეები, რომელთა რიცხვი ჯერ ალბათ კიდევ დიდია.

            ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს და თვითმართველობებს ადვილათ შეუძლიათ ამ საქმის მოგვარება: მეტრიკების შედგენა, ქორწინების აქტის შედგენა და სხვა საქმეები უნდა მიიღონ ერობებმა და ქალაქის თვითმართველობებმა და პირველ ხანებში აღნიშნული საქმეების გამგებლათ ისევ ღვდლების მოწვევა შეიძლება.

            მორწმუნეები კი შეადგენენ საზოგადოებებს და თითონ გამოიმუშავებენ პირობებს, რომლის საფუძველზე მოიწვევენ ღვდლებს ღვდელმოქმედების შესასრულებლად. და რაკი თავიდან ეცოდინება ღვდლათ მოწვეულ პირს სამსახურის პირობები, ადგილიც არ იქნება ისეთ გაუგებრობას, რომელიც დღეს ხშირათ ხდება სოფლათ: დაობენ ნიხრზე, ზოგან თავპირის მტვრევამდე მიდიან და ეკლესიებს კი კეტენ, რაც შვენის აზრით, შეუწყნარებელია, რადგან რა დააშავა მორწმუნე კაცმა, რომელსაც ამ კინკლაობით უბღალავენ მის წმინდათა წმინდას და ლოცვის საშუალებას უსპობენ.

            საჭიროა სოფლებში თითონ მოაგვარონ სარწმუნოების საქმე, საჭიროა ითათბირონ და გამოიმუშავონ ის ზომები, რომელიც გაადვილებს იმ აქტის ცხოვრებაში გატარებას, რომელიც გამოიხატება ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკევებაში.

           სახელმწიფოში ბევრი სხვადასხვა სარწმუნოების ხალხია, ბევრი მოქალაქე სრულიად ურწმუნოა. სამართლიანობა მოითხოვს სახელმწიფომ არ გაიღოს ხარჯი საერთო ხაზინიდან მცხოვრებთა ზოგიერთ ჯგუფებისთვის. მორწმუნემ თვითონ დაიკმაყოფილოს თავისი გრძნობა, ურწმუნო უნდა გათავისუფლდეს იმ ხარჯისაგან, რომლის გაღებას ის საჭიროთ არ თვლის.

           თავისუფალი სარწმუნოება თავისუფალ სახელმწიფოში – აი რა უნდა განხორციელდეს დღესვე.