მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოში
გაზ. “სახალხო საქმე”, 1919 წელი, 19 თებერვლი, N460.
ქალაქთა კავშირის თანხმობით, კავშირის განათლების განყოფილების გამგის სერ. რობაქიძის თაოსნობითა და ტფილისის უნივერსიტეტის ქართველ ლექტორთა მონაწილეობითა და მათი ძალების შემწეობით საფუძველი ჩაეყარა ერთ ფრიად მნიშვნელოვანსა და ჩვენი დემოკრატიისათვის გადაუდებელ კულტურულ საქმეს. მოძრავი უნივერსიტეტის დაარსებას. არსებულ პირობების მიუხედავად ლექტორთა კოლეგიამ გადასწყვიტა შეუჩერებლივ აწარმოოს საქმისათვის საჭირო წინასწარი მუშაობა.
ლექტორთა წრემ თვის შემადგენლობიდან გამოჰყო საორგანიზაციო კომისია, რომელიც შეუდგა ენერგიულ მუშაობას. კომისიაში შედიან: ქალაქთა კავშირის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სერ. რობაქიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი და სახალხო განათლების სამინისტროს თვალსაჩინო თანამშრომელი გ. ნათაძე, ბაქოს ქართველთა ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარე ვლ. ბაქრაძე, პარლამენტის წევრი კალ. ქავთარაძე, ქალაქის ხმოსანი ი. ირემაშვილი, ტფილისის სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი ექიმი ტურაშვილი, ნაძალადევის განყოფილების მუშათა სექციის წარმომადგენელი კ. ქუთათელაძე და ტფილისის სახ. უნივერსიტეტის ქართველ ლექტორთა თავმჯდომარე პარლამენტის ქვესტორი სერ. ჟორჟოლიანი.
უნივერსიტეტის განყოფილებათა გახსნა განზრახულია რესპუბლიკის 21 სხვა და სხვა ქალაქ სოფლებში, ჯერ-ჯერობით კი და დაუყოვნებლივ მოძრავი უნივერსიტეტი თვის მოქმედებას აწარმოებს 12 ჩვენს ქალაქებში.
ხსენებულ კომისიამ გამოიმუშავა მოღვაწეობის გეგმა, საშუალებათა აღმოსაჩენი გზები, შექმნა პროგრამა და შეუდგა ლექტორთა გამონახვას, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება, თუ კი ის დააკმაყოფილებს მოძრავ უნივერსიტეტის მოთხოვნილებათა და სხვა.
წინასწარ, ადგილობრივ იმის გამოსარკვევად, თუ რა ძალები შეიძლება ადგილობრივ აღმოჩნდეს, რა საგნები აინტერესებს ქალაქთა, და მეცნიერების რომელ დარგს უფრო საჭიროებს პროვინცია, რა საშუალებები მოეძებნა ადგილობრივ ორგანიზაციებს ამ საქმის შესაფერად მოსაწყობად, ერთი სიტყვით უნივერსიტეტის გახსნისთვის მიჩნეულ ქალაქებში ამ კულტურულ დაწესებულებების საფუძვლის ჩასაყრელად, ქალაქთა კავშირის მიერ გაღებულ საშუალებებით, თებერვლის 15 პროვინციაში აგზავნიან ყველა ქალაქების ჩამოსასვლელათ და ზევით დასმულ კითხვების გამოსარკვევად ლექტორთა მიერ არჩეულ ინსტრუქტორებს: სერ. რობაქიძეს, გ ნათაძეს, და ვლ. ბაქრაძეს, რომელთა დაბრუნებისა და ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ უნივერსიტეტის მოღვაწეობის დაწყება განზრახულია მარტის პირველ რიცხვებიდან.
მოქალაქეთადმი, ორგანიზაციებისადმი და ქალაქების მიმართ მოწოდებანი, ლექტორთა მოწვევის პირობები, უნივერსიტეტის პროგრამა, ქალაქთა სია, სადაც განზრახულია ეხლავე განყოფილებათა გახსნა და სხვა დაწვრილებითი ცნობები პრესაში გამოქვეყნდება, ხოლო ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და ეხლავე სურს გაეცნოს ამ მუშაობას მას შეუძლიან მიმართოს, სერ. ჟორჟოლიანს, სასახლეში.
სტატია გამოქვეყნებულია კრებულში – “ქალები და ქალთა საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921”