ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 47-ე რაუნდი 2-3 აპრილს გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის „უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე“, ასევე აღინიშნა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში“.

თბილისმა ასევე დაგმო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის „უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა“, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, რასაც „თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას“.

დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“ და მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს. „აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობის საკითხი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის გარდაცვალების გამოძიებისა და ამ საქმეებზე სამართლიანობის აღდგენის საჭიროებას. საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეებმა, ასევე მონაწილეებმა აშშ-დან და თბილისიდან შეშფოთება გამოთქვეს 29 წლის საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, რომელიც აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

„ამ ფონზე ხაზი გაესვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებიც დააყენა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე „უარყოფით გავლენას“ ახდენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების „დესტრუქციული მიდგომის“ გამო, ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ შედგა რადგანაც მათ „აღნიშნულ თემაზე საგნობრივი დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით“ მოლაპარაკებები დატოვეს.

რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას“, რომლის წყალობითაც სიტუაცია „საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე“ უკვე 10 წელია შედარებით სტაბილური რჩება.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „ინფორმაციის გაცვლისა და პრაქტიკული საკითხების მოგვარების საჭიროების გათვალისწინებით“, სოხუმისა და თბილისის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის „ტექნიკური შეხვედრა“ გამართონ.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მოცემულ მომენტში საქართველოში აშშ-ის და ნატოს სამხედრო აქტივობები რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე გამომწვევ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს თქმით, თბილისისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა 10 წლის წინანდელი ფრაზეოლოგია განაახლეს „საქართველოს მთელი ტერიტორიიდან“ რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის საჭიროების, „უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების“ შექმნის თაობაზე და ასე შემდეგ“, რამაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მონაწილეების უმეტესობამ „სასაზღვრო რაიონებში“ არსებული ვითარება შეაფასა, როგორც „სტაბილური“. მოსკოვის თქმით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებას რაიმე სერიოზული პრობლემები არ შექმნია და რომ დაკავებების რაოდენობა „საშუალო მაჩვენებელს არ აღემატება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაზიო ხაზის მახლობლად კონკრეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების „პროვოკაციული ქმედებების“ შესახებაც ისაუბრეს, რომელთა „პროპაგანდისტულ აქციებს, შესაძლოა, ყველაზე სახიფათო შედეგები მოჰყვეს და ეს არავის ინტერესებში შედის“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვისა და სოხუმის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ირაკლი კვარაცხელიას „თვითმკვლელობის გარემოებების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ „ტრაგიკული ინციდენტის“ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საგარეო საქმეთა სამისტროებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო სწავლებები, კერძოდ კი, ბოლო ნატო-საქართველოს წვრთნები „სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ერთობლივი განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას 10 მარტს გალში რუსი მესაზღრეების პატიმრობაში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის გამო საფრთხე შეექმნა. მათ შესაბამის მონაწილეებს ხელთ არსებული ინფორმაციის დროულად გაზიარებისკენ მოუწოდეს.

რაც შეეხება შეზღუდვებს და გამშვები პუნქტების დახურვებს, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ამგვარი ქმედებები ხელს უშლის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის მომსახურებების გამოყენებას და ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ცხელი ხაზის გამოყენების საჭიროებას.

თანათავმჯდომარეებმა რეგიონში დაგეგმილ სამხედრო აქტივობებს და სხვა სენსიტიურ საკითხებზე წინასწარი შეტყობინების უზრუნველყოფის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ „ზოგიერთი მონაწილის მიერ სხდომის დატოვების გამო, დევნილთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)