ნატოს საგარეო მინისტრები შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ვაშინგტონში, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო მინისტრები შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
სტოლტენბერგმა პრეს-კონფერენცია რუსეთის მიერ ევროპაში საშუალო სიშორის ატომური ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევით დაიწყო და აღნიშნა, რომ “რუსეთმა მსოფლიო უფრო სახიფათო გახადა”, რის საპასუხოდაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მზადაა “შეინარჩუნოს საიმედო და ეფექტური შეკავებისა და თავდაცვის” ღონისძიებები, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის “მადესტაბილიზებელ ქცევას”.
ამ კონტექსტში, სტოლტენბერგმა ყირიმის ანექსია და აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საზღვაო ძალების მოქმედებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საგარეო მინისტრები “შეთანხმდნენ ზომების პაკეტზე, რომელიც ჩვენი სიტუაციური მზადყოფნის ამაღლებას მოემსახურება. ასევე, [შეთანხმდნენ] როგორც საქართველოს, ისე უკრაინისათვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წვრთნა, პორტებში [ნატოს ხომალდების] ვიზიტები და ერთობლივი წვრთნები, ინფორმაციის გაცვლა.” მან აღნიშნა, რომ ეს დახმარება დაეყრდნობა ამ ორ სახელმწიფოსთან უკვე არსებულ ღრმა თანამშრომლობას, რის მაგალითადაც შავ ზღვაში ნატოს ძალების მიერ ამჟამად მიმდინარე პატრულირება და წვრთნები მოიყვანა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო ყურადღების ცენტრში შეინარჩუნებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)